რატომ არ შეიწყალებს ზურაბიშვილი სააკაშვილს - პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა

შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სიტუაციიდან გამოსავალი არ არის, რადგანაც ქართველ ხალხს ეს არ სურს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაკავების შემდეგ საქართველოში ექს-პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. სააკაშვილის შეწყალების თხოვნით ზურაბიშვილს უკრაინის ხელისუფლებამ და ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმაც მიმართა.

„შეწყალება ამ სიტუაციაში გამოსავალი არ არის სწორედ ქართველი ხალხის გამო“, – განაცხადა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა.

ამასთან ერთად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, რომელიც თვლის, რომ სააკაშვილმა საკუთარი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს.

„ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის, შესაძლოა, არა პირადად მის მიერ, თუმცა მისი ხელმძღვანელობის დროს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეწყალება არის მორალური საკითხი, რომელზეც მე ვარ პასუხისმგებელი ყველა კატეგორიის ადამიანის წინაშე, დასძინა მან.
პაპუაშვილი: სააკაშვილის საკითხზე რეზოლუციის გამო ევროდეპუტატებს ბოდიში არ მოუხდიათ>>>
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, იგი მუშაობს დიპლომატიურ საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან, რათა მოძებნოს ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ყოფილ პრეზიდენტს.
„მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური. ეს ყველაფერი ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც უნდა მოძებნოს გზები, რაც იქნებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების უფრო მეტად შესაბამისი. ეს საკითხი ახალი არ არის. ბევრი ქვეყნის პრეზიდენტია ნასამართლევი და ზოგჯერ გვესმის, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თუმცა, არის ასევე ზოგადად მიღებული მიდგომები მოცემული სირთულის გადასაწყვეტად და ჩვენ ვალდებული ვართ, უფრო მეტად შევესაბამებოდეთ მათ, განაცხადა პრეზიდენტმა.
აქვე პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს დაემორჩილოს გარეშე ზეწოლას არც სააკაშვილის საკითხზე და არც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე, რომელიც მსჯავრდებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანხების გაფლანგვის ბრალდებით, რომლის გენერალური დირექტორიც იყო.

„მე საკუთარ თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როდესაც გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა. თუმცა, რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა – ეს სხვა საქმეა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილება ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ის პატარა თუ დიდი, გამოყენებული კამპანიის მასშტაბების მიუხედავად, ვერ იქნება ზეწოლის საგანი, აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებას მიაღწიონ. მათი განცხადებით, დაავადებები, რომლებიც ექს-პრეზიდენტ აღენიშნება, მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე უარი უთხრა საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.