ღარიბაშვილმა ბრიუსელში მოლაპარაკებები გამართა - ვიზიტის შედეგები

საქართველოს პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში ძირითადად ევროინტეგრაციის საკითხს მიეძღვნა.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ბელგიაში იმყოფებოდა, სადაც ევროპის პოლიტიკურ ცენტრში მაღალი დონის შეხვედრები და მოლაპარაკებები გაიმართა.
მთავრობის მეთაურის ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პირობის შესრულების წინ გაიმართა. ამ პირობების შესრულება საჭიროა იმისთვის, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ბრიუსელში ღარიბაშვილის ყველა შეხვედრისა და მოლაპარაკების მთავარი თემა სწორედ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას ეხებოდა.
პირველი შეხვედრა პრემიერმა თავის ბელგიელ კოლეგა ალექსანდერ დე კროოსთან გამართა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ჩატარდა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.
ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდერ დე კროოს შეხვდა
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია.

„ძალიან კარგი საუბარი შედგა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოსთან. განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა", – დაწერა ღარიბაშვილმა შეხვედრის შედეგებზე „ტვიტერში".

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო პირობების შესრულების კუთხით – ეს იყო მთავარი თემები ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამუშაო შეხვედრაზე ბრიუსელში, რომელმაც ღარიბაშვილი სამუშაო სადილზე მიიწვია.
ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის შემდეგ პრემიერმა „ტვიტერში" პოსტი დაწერა, სადაც ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილების იმედი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არის მტკიცე, როგორც არასდროს, და ჩვენ ვიმედოვნებთ, ევროპის საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით", – დაწერა ღარიბაშვილმა „ტვიტერში".

პოსტი დაწერა თავად შარლ მიშელმაც, სადაც მან საქართველოს თავისი რჩევებით მიმართა.

„ისტორიული ევროპული პერსპექტივით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ თაობებისთვის. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. საქართველოს ხალხისთვის", – დაწერა მიშელმა „ტვიტერში".

საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რამდენად არის დაინტერესებული პრეზიდენტი მიშელი საქართველოს წინსვლაში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერის მიშელთან შეხვედრის კომენტარისას.

„ზოგადად, განწყობა არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, ხედავენ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და იმ ძალისხმევას და მონდომებას, რასაც ჩვენი ხელისუფლება სწევს იმისთვის, რომ საქართველომ, პირველ რიგში, მიიღოს კანდიდატის სტატუსი", – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, იყო შეხვედრა ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან.
ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე
შეხვედრაზე პრემიერმა ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების დადებით დინამიკაზე და სახელმწიფოს ძალისხმევაზე ევროკავშირის რეკომენდაციების სრული შესრულებისთვის.
ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზი გაუსვა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სტრატეგიულ მნიშვნელობას.

„ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი", – დაწერა ღარიბაშვილმა „ტვიტერში".

ევროკომისარმა, თავის მხრივ, მოუწოდა საქართველოს, დააჩქაროს 12 პირობის შესრულება.
„ჩვენი მოწოდება იყო – დაჩქარდეს საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის განხორციელება, რათა საქართველომ შეძლოს წინსვლა ევროკავშირის გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია", – დაწერა ვარჰეიმ.
მოგვიანებით ეს სიტყვები ოლივერ ვარჰეიმ გაიმეორა, როდესაც სიტყვით გამოვიდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია – საქართველო".

„ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა საქართველოს წარსული აღვნიშნოთ, მაგრამ ჩვენი მზერა მიპყრობილია მომავლისკენ. საქართველო ფუნდამენტურად ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით... მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია", – განაცხადა ვარჰეიმ.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული მძიმე სამუშაო ობიექტურად შეფასდება და თავის ნაყოფს გამოიღებს.
პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოს არასდროს გადაუხვევია არჩეული გზიდან და ის შეასრულებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.

„ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სრულიად ახალი ეტაპის დაწყებისთვის", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.