ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი „თბილისი პიანო ფესტი 2023"-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებია.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება 16-19 ივნისს შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა „თბილისი პიანო ფესტი 2023"-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო შეიზღუდება.
კერძოდ, ტრანპორტის გადაადგილება 16 ივნისის 07:00-დან 19 ივნისის 03:00 საათამდე შეიზღუდება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებზე.
უწყების ცნობით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ იტალიის ქუჩის გავლით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი იმოძრავებს სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება რენა აბჟანდაძის ქუჩას, ტრანსპორტი გადაადგილდება ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე, რის შემდეგაც გზას მტკვრის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებს.