ერევანი-ბათუმის მატარებელმა მგზავრების გადაყვანა დაიწყო

წინა წელთან შედარებით რეისების სიხშირე გაიზარდა, მატარებელი ორ დღეში ერთხელ იმოძრავებს.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ (SCR) ერევანი–ბათუმის მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვები დაიწყო – პირველი მატარებელი შავი ზღვის სანაპიროზე 120-მდე მგზავრს ჩაიყვანს, იუწყება კომპანიის პრეს-სამსახური.
„მოხარული ვართ მივესალმოთ ჩვენს პირველ მგზავრებს, რომლებიც დასასვენებლად საქართველოში მიდიან. ზაფხულის სეზონის დაწყებამდე გაყიდული ბილეთების რაოდენობა გვაჩვენებს, რომ ეს მარშრუტი დიდი მოთხოვნით სარგებლობს სომხეთის მოქალაქეებსა და სტუმრებს შორის", – განაცხადა SCR-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი მელნიკოვმა მატარებლის გამგზავრების ცერემონიაზე.
წინა წელთან შედარებით რეისების სიხშირე გაიზარდა, მატარებელი იმოძრავებს ორ დღეში ერთხელ.
ზაფხულის პერიოდში გაუქმდა ერევანი–თბილისი–ერევნის მარშრუტით მოძრავი მატარებელი, რადგან თბილისამდე მგზავრობა ბათუმის მატარებლითაა შესაძლებელი. მგზავრობის საფასური წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა.
კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ 2022 წელს საქართველოს გავლით სარკინიგზო ტრანსპორტით სომხეთში 451 ათასი ტონა ტვირთია ექსპორტირებული, სომხეთიდან იმპორტირებული ტვირთის მოცულობამ კი 906 ათასი ტონა შეადგინა.