საქართველოს ოთხგზის აოხრების შემდეგ თემურ-ლენგმა დღევანდელი კავკასიის რეგიონში „წესრიგის შენარჩუნება“ თავის ძეს — მირან შაჰს მიანდო, ხოლო თავად ახალი დიდი ლაშქრობისთვის მზადებას შეუდგა.
სამარყანდელ ემირს ინდოეთის სიმდიდრე არ ასვენებდა და გულში მისი ხელში ჩაგდება ამოეჭრა, მაგრამ ურჩი გურჯების გადამკიდე, იქით გახედვასაც ვერ ახერხებდა. 1398 წელს კი მოიცალა და ინდოეთის დასაპყრობად გაილაშქრა.
ქართველებმაც დრო იხელთეს და კოჭლი ემირის საყვარელ ძეს თავბედი აწყევლინეს. გიორგი მეშვიდემ ისევ შეჰყარა ქართველთა ჯარი, გვერდით დაიყენა ჩრდილოკავკასიელებიც — ძურძუკები და ოსები, და თავისი მეგობრისა და მოკავშირის თაჰერ ჯალაირის გადასარჩენად ნახჭევნისკენ დაძრა.
ქართველთა მოკავშირე ალინჯის ციხეს აფარებდა თავს, რომელიც მონღოლებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული. მაგრამ ათწლიანი ალყის მიუხედავად, მის დამორჩილებას ვერ ახერხებდნენ.
როგორც „ძეგლი ერისთავთა“ გვამცნობს:
„გიორგი მეფე... მივიდა ალინჯას და დახოცა ლაშქარ და გამოიყვანა ძე სულტანისა, შეყენებული ციხესა ალინჯასა... აღხოცნა მხედარნი თემურ ყაანისა და მოვიდა გამარჯვებული“.
ქართველებმა და მისმა მოკავშირეებმა იოლად დაამარცხეს ალყად მდგომი სეიფ ად-დინის მეომრები. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით ისახელეს თავი ვირშელ ქსნის ერისთავმა და ჯანიბეგ ზევდგინიძემ. მეფე გიორგიმ ალინჯის ციხეში სურსათი და იარაღი შეატანინა, მეციხოვნეთა გასაძლიერებლად ქართველი აზნაურებიც დატოვა, უფლისწული თაჰერი კი ტფილისში წამოიყვანა.
როცა თავრიზში მყოფ მირან შაჰს ალინჯაზე გურჯების თავდასხმის ამბავი შეატყობინეს, გაოცება ვერ დამალა. თემურსაც და მის ძესაც განადგურებული და მიწასთან გასწორებული რომ ეგონათ საქართველო და ქართველობა, სწორედ მაშინ მოაწყო სამხედრო რეიდი გურჯთა მეფემ.
მირან შაჰმა სასწრაფოდ შეჰყარა ჯარი, სათავეში თავისი ვაჟი აბუბექრი ჩაუყენა და უკან გაბრუნებულ ქართველებს დაადევნა „ჭკუის სასწავლებლად“. მაგრამ მდევრები სასტიკად დამარცხდნენ მეფე გიორგი მეშვიდის მოლაშქრეებთან ბრძოლაში და შერცხვენილმა აბუბექრმა თავრიზისკენ გაკურცხლა.
ამასობაში კოჭლმა სამარყანდელმა ინდოეთი დაიმორჩილა და უკან დაბრუნდა. როცა „გათავხედებული“ გურჯების ამბავი მოახსენეს, ასი ათასი საგანგებოდ შერჩეული მეომარი დარაზმა და 1399 წელს ჰერეთს მოადგა.
ჰერეთს მაშინ ერისთავი ხიმშია განაგებდა და თათართა ეს ლაშქრობაც „ხიმშიას ომის“ სახელით შევიდა ისტორიაში. ენერგიულმა ფეოდალმა მთელი საერისთავო ფეხზე დააყენა და სისხლი გაუშრო გადამთიელებს. ყოველ გოჯ მიწას უძვირესად უსვამდა თემურს შლეგი გურჯი. ოცი დღის განმავლობაში ამაოდ ირჯებოდა მძვინვარე ემირი, ქართველთა სისხლით იღებებოდა ნაადრევად მოსული თოვლი, მაგრამ მონღოლებზე პარტიზანული თავდასხმები არა და არ წყდებოდა.
ბოლოს მოსწყინდა მტარვალს ამაო ბრძოლა და კახეთში გადავიდა. ცეცხლითა და მახვილით გაიარა ივრის ხეობა, არაფერი დაუტოვებია აუოხრებელი და წაუბილწავი. ხოლო როცა ზამთრისპირმა იძალა, თემურმა საქართველოში ლაშქრობა შეწყვიტა და გამოსაზამთრებლად ყარაბაღს მიაშურა.
1400 წლის გაზაფხულზე ემირი ჯერ კიდევ ქალაქ ბარდავში იდგა, როცა გიორგი მეშვიდეს თაჰერ ჯალაირის გადაცემა და მორჩილება მოსთხოვა. ქართველთა მეფემ ვრცელი წერილით უპასუხა თემურ-ლენგს:
„მე შენზე უმცირეს მეფე არ გახლავარ. უფრორე მეფობა შენი სწრაფ წარმვალ და უმკვიდრო არს. შენ იმდენიც არა გცოდნია, ქართველები შეხვეწილ-შევდრომილ კაცს მტერს არ დაანებებენ. ხარ მზაკვარი და მზაკვრობით მაგითა დაგიპყრიეს სრულიად აღმოსავლეთი და გყავს სიმრავლე ბანაკთა და სპანი ურიცხვნი. ესოდენი ბოროტი გიყოფიეს და არა განსძეღ სისხლითა ჩვენთაგან და კუალად გნებავს შეჭმად ხორცთა ჩვენთა ძვალთა თანა, ხოლო რაკი ახლა ეგევითარითა სილაღითა მოქადულ ხარ ჩვენდა მომართ მომავალი. მაშ მოდი, ხოლო უკეთუ არ მოხვიდე, იყავ დიაცი და არა კაცი. შენც ხომ ბევრჯერ გიხილავს და შენმა ჯარებმაც კარგად უწყიან ომსა შინა ჭაბუკთა ქართველთა მხეცქმნილობა და გამოცდილება. თუმცა სიმრავლისა ძალისა შენისათა მრავალი ბოროტი გიყოფიეს ჩვენდა მომართ, მაგრამ უვნებლად ვერც შენ წარსრულხარ ჩვენგან…“
და დაიძრა მონღოლთა ურდო საქართველოს კიდევ ერთხელ მიწასთან გასასწორებლად. გიორგი მეფე გოგჩის ტბასთან ფიცხლად შეეგება მტრის ლაშქარს, რომელსაც თავად კოჭლი ემირი სარდლობდა. ქართველებმა დიდი ზიანი მიაყენეს დამპყრობლებს, მაგრამ გამარჯვება მაინც თემურის ურდოს დარჩა.
უკუიქცნენ გიორგი მეფეცა და მისი მეომრებიც, ახლომდებარე ტყეებსა და მთებს შეაფარეს თავი. გაცოფებულმა თემურმა, რახან ქართველი მეფე ხელთ ვერ ჩაიგდო, კიდევ ერთხელ გადაწვა საქართველოს სატახტო ქალაქი, თბილისის ციხე-გალავნები დაანგრია და მუხრანის ველზე გაიჭრა.
ახლა ალინჯის ციხის გმირების ვირშელ ერისთავისა და ჯანიბეგ ზევდგინიძის ხელში ჩაგდება ამოიჭრა გულში მონღოლთა ემირმა. მუხრანში დაბანაკებულს ვინმე ვირშელ ბურდიშვილი მიადგა და მეგზურობა შესთავაზა: შევიჭრეთო ქსნის ხეობაში, დიდ ნადავლსაც ვიგდებთ ხელთ და მეფის ერთგულ ერისთავსაც შევიპრობთო.
მთას შეესია თათართა ურდო, ლარგვისამდე მივიდნენ და მიწასთან გაასწორეს უამრავი ციხე. კვალდაკვალ მისდევდნენ ქსნის ერისთავს, მაგრამ ყოველთვის ხელიდან უსხლტებოდათ ალინჯის გმირი.
უამრავი მახე დაეგო ვირშელ ერისთავს აზიელი ჯალათისთვის, წესით, ერთ-ერთში მაინც უნდა გაბმულიყო, მაგრამ მოღალატე ბურდიშვილის წყალობით თემურ-ლენგი თავს არიდებდა ყველა ხაფანგს.
ბოლოს მტერმა მაინც მოახერხა და ბეხვშის ციხეს თავშეფარებულ ერისთავს ქორივით დააცხრა. მაგრამ მარცხნაჭამი უკუიქცა და ისევ მუხრანს დადგა ბანაკად.
მარცხნაგემი ემირი ახლა ჯანიბეგ ზევდგინიძის სამფლობელოს შეესია. ჯანიბეგი მტერს საამილახვროს ჯარით დაუხვდა, მაგრამ დამარცხდა და გაკოჭილი მიჰგვარეს თემურს. ამ წარმატებამ გუნება გამოუკეთა კოჭლს და გორის ციხეს შეუტია მთელი ძალებით — იქ ეგულებოდა მეფე გიორგი.
„გორის ციხე შეყვარებული ქალ-ვაჟის პირობაზე უფრო მტკიცე ყოფილაო“, — წერდა თემურ-ლენგის მემატიანე შარაფ ად-დინი. კი გაუძალიანდა დამპყრობლებს ციხე, მაგრამ მაინც დაეცა. გამარჯვების მიუხედავად, ცოფებს ყრიდა თემურ-ლენგი, რადგან ისევ წაუვიდა ხელიდან გურჯთა მეფე.
ლაშქრობა განაგრძო მტარვალმა. რუისისა და ურბნისის მიდამოები მოითარეშა. მიწასთან გაასწორა ეს მხარე. მერე ძამის ციხეს მიადგა, რადგან მსტოვრებმა ამცნეს, იქ აფარებენო თავს გიორგი მეფე და თაჰერ ჯალაირი. მიუდგომლად მიიჩნეოდა მაშინ ძამის ციხე. იმ ეპოქის მემატიანე წერდა, ჯერ არავის სმენია, ძამის ციხე ძალით ვინმეს აეღოსო. მაგრამ მაინც მიიტანა იერიში დამპყრობელმა.
შვიდი დღე და ღამე უმკლავდებოდნენ მეციხოვნეები მათზე ბევრად აღმატებულ მტერს. მერვე დღეს დაეცა ციხე. მეფე გიორგიმ ხმლით გაიკაფა გზა თაჰერ ჯალაირთან ერთად და ისევ გაექცა თემურ-ლენგს. ახლა სავანეთას ციხეს შეაფარა თავი.
იქაც მიადგა მტარვალი, მაგრამ იქიდანაც გაასწრეს მეფემ და თაჰერ ჯალაირმა. ემირმა იმერეთში შეჭრა ვეღარ გაბედა, დევნაზე ხელი აიღო და ჯარი სამცხისკენ დაძრა.
საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებული ემირი ქვიშხეთთან ძირითად ლაშქარს ოდნავ ჩამორჩა პირად დაცვასთან ერთად. მოულოდნელად მეფის ერთგულმა ერისთავმა, ქუცნა ამირეჯიბმა მოუჭრა გზა თემურ-ლენგს. ორ აზნაურთან ერთად მიუხტა მტარვალს და „ნიშანი დაადო“. მართალია, ვერ მოკლა, მაგრამ თავში კი დაჭრა და თაჯი (მუზარადი) გააგდებინა.
სიკვდილს ჩახედა თვალებში კოჭლმა თემურმა და დაიბნა. მაგრამ მცველებმა მოასწრეს და საშიშროებას გაარიდეს სარდალი. ქუცნამ და მისმა აზნაურებმა კი თემურ-ლენგის თაჯი გაიტაცეს და იქაურობას გაეცალნენ. მოგვიანებით თავზეხელაღებულმა გმირმა ძვირადღირებული თაჯი მრავალძალის ეკლესიას შესწირა.
ამ შემთხვევამ კიდევ უფრო გაახელა თავმოყვარეობაშელახული ემირი. სამცხე და რკონის ხეობა მოაოხრა და არაგვის ხეობაში გადავიდა, მაგრამ მთიელებმა საკადრისი პასუხი გასცეს დამპყრობლებს და ხელმოცარული გამოისტუმრეს უკან.
არაგველთა ჯავრი ჯავახებსა და ტაოელებზე იყარა, ბოლოს კი თავი დაიმშვიდა თემურ-ლენგმა, მაკედონელის ბედის რაშიც კი ათასჯერ დაიმსხვრევდა მუხლებს გურჯისტანის მიწაზეო, და თავრიზისკენ გაქუსლა.
ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დალაშქრა საქართველო, ორჯერ კიდეც დაუზავდა ქართველებს, მაგრამ მიზანს ვერა და ვერ მიაღწია: ვერც გურჯთა მეფე იგდო ხელთ და ვერც ქვეყანა დაიპყრო. და 1403 წელს საქართველოს საბოლოოდ გაეცალა ხელმოცარული...