თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტურისტული კომპანიების მხრიდან შესაძლო თაღლითობის ფაქტების შესწავლა დაიწყო, რის შედეგადაც საზღვარგარეთ დასვენების მსურველი მოქალაქეები დაზარალდნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მედიის ცნობით, საუბარია რამდენიმე ტუროპერატორზე, რომლებიც მომხმარებლებს ათასობით ლარს, სავარაუდოდ, წინასწარ მოფიქრებული თაღლითური სქემით არიცხვინებდნენ და თანხებს ეუფლებოდნენ.
ოთხშაბათს ათობით ადამიანმა მიმართა პროკურატურას, თუმცა, მედიის ცნობით, სინამდვილეში საუბარია ასობით მოტყუებულ კლიენტზე. ზარალის ოდენობა შეიძლება დაახლოებით 100 ათას ლარს აღწევდეს.
„კომპანიაში არაფერი არ აგვიხსნეს, მაგრამ როცა გაირკვა, რომ თანხას ვერ გვიბრუნებდნენ, მან (ტურისტული სააგენტოს დირექტორმა) პირდაპირ გვითხრა – მიჩივლეთ სასამართლოში, მე არაფრის არ მეშინიაო", – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
დაზარალებულთა თქმით, სასტუმროებში არარსებული ჯავშნების გამო ზოგიერთ მათგანს არასრულწლოვან შვილებთან ერთად ღამის გათევა აეროპორტში მოუწია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ტურისტული სააგენტოების ოფისები დაკეტილია, გვერდები სოციალურ ქსელებში წაშლილია.