თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. თბილისის მერიის წლევანდელ ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
პროგრამები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით ხორციელდება და მისი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობაა.
„2023 წლის საზაფხულო პროგრამებში დაახლოებით 5 ათასამდე ახალგაზრდა ჩაერთვება. ეს ეხება თბილისში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით, ეკიპირებით და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მისი დანერგვა ერთ-ერთი პრიორიტეტია მისი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე.
„არ არის აუცილებელი, რომ ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, მაგრამ მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებას ხელშეწყობა ყოველთვის ექნება“, – თქვა კალაძემ.
2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილია:
1.
კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია);2.
მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში) – ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით ერთი თვის განმავლობაში სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის.3.
ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)4.
ჯომარდობა (ფასანაური)5.
ლაშქრობები „თბილისის გარშემო“ – მოეწყობა ოთხი ორდღიანი და რვა ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკების სახით.პროგრამებზე რეგისტრაცია 25 ივნისს დასრულდება. დეტალური ინფორმაცია მონაწილეობის მსურველებისთვის თბილისის მერიის ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.
„იმედი მაქვს, საზაფხულო პროგრამებით ბევრი ახალგაზრდა ისარგებლებს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის უფასო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობას ზაფხულის პერიოდში.