მაპოვნინეთ ძმა: რამზან კადიროვი უკრაინის დაზვერვას დახმარებას სთხოვს

Sputnik
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინის დაზვერვას დახმარებას სთხოვს.
როგორც ის საკუთარ Telegram-არხზე წერს, ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარე ადამ დელიმხანოვი მასთან კავშირზე არ გამოდის.

„თავად ვერანაირად ვერ ვპოულობ ადამ დელიმხანოვს. კავშირზე არ გამოდის. ვთხოვ უკრაინის დაზვერვას, მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა პოზიციებზე მიიტანა დარტყმები, რათა ჩემი ძვირფასი ძმა ვიპოვო“, — წერს კადიროვი.

ამასთან ის „უხვად დასაჩუქრებას“ ჰპირდება უკრაინულ მხარეს.
როგორც „რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, საქმეში ჩახედულმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ კადიროვის შეტყობინება ირონიით არის დაწერილი, თუმცა ჩეჩნეთის მეთაურის არხზე ამ მოსაზრების დამადასტურებელი მინიშნება არ იძებნება.
ადამ დელიმხანოვი რუსეთის მე-5, მე-6 და მე-7 მოწვევების სახელმწიფო დუმის დეპუტატი და პარტია „ედინაია როსიას“ წევრია. იჩქერიის რესპუბლიკის არსებობის დროს საველე მეთაურის სალმან რადუევის პირადი მძღოლი იყო. 1999 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებისთანავე ფედერალური ძალების მხარეს გადავიდა. 2009 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა დელიმხანოვს უწოდა „ადამიანი, რომელსაც მისი შეცვლა შეუძლია“.
დელიმხანოვი, რომელიც რუსმა უფლებადამცველებმა და ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს, შეერთებულმა შტატებმა 2014 წელს სანქციების სიაში შეიყვანა კრიმინალური დაჯგუფება „ძმური წრის“ წევრობის გამო.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დელიმხანოვი ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და რიგი სხვა ქვეყნების საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარება.
2022 წლის 26 აპრილს მას რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა რუსეთის „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობისთვის.