თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. პროკურატურამ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმში ტრაგედია 11 ივნისს მოხდა. მედიის ცნობით, 15 წლის გოგონა მე-15 სართულიდან გადახტა. ადგილზე გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იგი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული გოგონასთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, ამის გამო გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) მუხლებით წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - პროკურატურა