თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად განცხადებების მიღება და ატესტატის გაცემა 3 ივლისიდან დაიწყება, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით წელს სკოლა 47 ათასზე მეტმა მე-12 კლასელმა დაამთავრა.
სააგენტოს ცნობით, სკოლადამთავრებულებმა ატესტატის მისაღებად განაცხადი უნდა შეიტანონ იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.
ატესტატი განაცხადის წარდგენიდან მეათე სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი მათ შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევთ.
„სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც დედნის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, აბიტურიენტებს ელექტრონული ატესტატით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლიათ იმის მიუხედავად, გაიტანენ თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.
დაინტერესებულ პირებს მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ ნებისმიერ დროს ადგილიდან გაუსვლელად შეუძლიათ ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა. ამისათვის უნდა გამოიყენონ განცხადების ჩაბარებისას მათთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომერი და კოდი.