თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისის მასშტაბით საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღების“ განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში თბილისში ივლისის თვეში 40 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლითაც 14 ათასამდე აღსაზრდელი სარგებლობდა. დედაქალაქში საზაფხულო ბაღების მუშაობა 2020 წელს შეჩედა კორონავირუსის პანდემიის გამო და მას შემდეგ აღარ განახლებულა.
„თქვენ იცით, რომ პანდემიის პერიოდში საზაფხულო ბაღები გაუქმებული იყო იმ გამოწვევებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რაც მაშინ იყო. წელს კი ივლისის თვეში 45 მუნიციპალური საბავშვო ბაღი 17 ათასამდე აღსაზრდელს მოემსახურება", – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიამ გაითვალისწინა იმ მშობლების თხოვნა, რომლებიც ვერ ახერხებენ ამ პერიოდში შვებულების აღებას და თბილისიდან დასასვენებლად წასვლას.
აღსაზრდელების რეგისტრაციის პროცესი იწარმოებს ვებ-გვერდზე kids.org.ge.
თბილისში 180-ზე მეტი სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 62 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.