კობახიძე: არახამიას მოწოდება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაა

უკრაინელი პოლიტიკოსი, წარმოშობით ქართველი დავით არახამია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსული აქტივები უნდა გაყინოს
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას მოწოდება საქართველოში არსებული რუსული აქტივების გაყინვისკენ არის მოწოდება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
არახამიამ კანადის პრემიერ ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მთელს მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც „დროთა განმავლობაში გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის“. არახამიას თქმით, ცნობილია, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივი ინახება და „კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“. თუმცა პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი არ არის.
„არახამიას ეს მოწოდება, რომელიც მიმართულია კიდევ ერთხელ მეორე ფრონტისკენ, ჩვენ არ გვიკვირს. მათ სურთ საქართველოში მეორე ფრონტი, ამაზე ღიად საუბრობენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი და ა.შ. მათ სურთ საქართველოში მეორე ფრონტი, ამას ვერ ეღირსებიან“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ჩაერთოს პოლემიკაში, რომელსაც არახამია ახვევს თავს.
„მათ აქვთ თავიანთი საქმე, ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე, რაც გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. მათი ინტერესები, სამწუხაროდ, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. მათ სურთ საქართველოში მეორე ფრონტი, რასაც პირდაპირ ამბობენ, ჩვენ არ გვსურს საქართველოში მეორე ფრონტი, აქედან გამომდინარე, მათ აქვთ თავისი გზა და ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულეს.
ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

არახამია და საქართველოს ხელისუფლება

არახამიამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება. მაისში ქართულ ოპოზიციურ ტელეარხ „მთავართან"ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანას ახალი ძალა ან კოალიცია უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს, ხელისუფლება კი პირიქით მოქმედებს და რუსეთს უახლოვდება.
დავით არახამია თავის განცხადებებში არაერთხელ შეეხო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თემას.
კერძოდ, მან აშშ-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართა სანქციების დაწესების თხოვნით ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეადარა.
გარდა ამისა, არახამია პერიოდულად ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, თითქოს რუსული კომპანიები ქართულ ორგანიზაციებს საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ. თუმცა, არცერთი ასეთი ბრალდება არ დადასტურდა.
მმართველმა პარტიამ არახამიას განცხადებებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებები საქართველოში „რადიკალური ოპოზიციის“ ნარატივის იდენტურია. რადიკალურ ოპოზიციად მმართველ პარტიაში მოიაზრებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.