თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ბავშვებში ლგბტ-პროპაგანდა – ეს კატასტროფაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ McDonald's-ის საბავშვო მენიუ Happy Meal-ში არსებულ სასაჩუქრე წიგნში ელტონ ჯონის ერთსქესიანი ოჯახის შესახებ მოთხრობის გამოჩენაზე კომენტარისას.
„მაკდონალდსის" რესტორნების ქსელში „ჰეფი მილის" საბავშვო მენიუში გამოჩნდა სასაჩუქრე წიგნი, რომელშიც აღწერილია მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრება, მათ შორის გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ავტორი მკითხველს მოუწოდებს, წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს". ინფორმაცია ამის შესახებ 12 ივნისს გავრცელდა.
„საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღშფოთებული იყო იმ შინაარსით, რომელიც ჩადებული იყო კონკრეტულ საბავშვო ბუკლეტში. რა თქმა უნდა, ეს გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია... ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში", – განაცხადა კობახიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები თავიანთი მასალების შინაარსს გადახედავენ.
McDonald's Georgia-ს ადმინისტრაციას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 12 ივნისს, დღის ბოლოსთვის წიგნები სასაჩუქრე ნაკრებიდან უკვე ამოღებული იყო.
ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი თბილისში ქართველმა ბიზნესმენმა და „მაკდონალდს საქართველოს" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ 1990-იან წლებში გახსნა. ახლა საქართველოში McDonald's-ის ოცზე მეტი სწრაფი კვების რესტორანია. გარდა ამისა, ბიზნესმენი ფლობს Coca-Cola-ს ქარხანას და სხვა ბიზნესებს საქართველოში.