მსოფლიო დღეს

შვეიცარიულმა UBS-მა ოფიციალურად დაასრულა Credit Suisse-ის შესყიდვის პროცედურა

ბანკი Credit Suisse, რომლის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, 3 მილიარდ ფრანკად (3,2 მილიარდ დოლარად) გაიყიდა.
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. შვეიცარიულმა ფინანსურმა ჯგუფმა UBS ოფიციალურად განაცხადა, რომ Credit Suisse-ის შესყიდვის გარიგება დასრულებულია, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„Credit Suisse Group AG შეუერთდა UBS Group AG-ს და გაერთიანებული კომპანია იმუშავებს როგორც კონსოლიდირებული საბანკო ჯგუფი“, – ნათქვამია ფინანსური ჯგუფის განცხადებაში.
UBS Group AG განახორციელებს ორი ცალკეული ბანკის – UBS AG და Credit Suisse AG-ს მართვას. თითოეული დაწესებულება შეინარჩუნებს თავის შვილობილ კომპანიებსა და ფილიალებს, ასევე გააგრძელებს მუშაობას თავის კლიენტებთან და კონტრაგენტებთან, ნათქვამია განცხადებაში.
ამგვარად, ჯგუფ UBS Group AG-ის დირექტორთა საბჭოსა და მენეჯმენტს ექნებათ საერთო პასუხისმგებლობა კონსოლიდირებულ ჯგუფზე.
შემდგომში UBS წარადგენს გაერთიანებული ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ შედეგებს (IFRS - International Financial Reporting Standards) დოლარში. 2023 წლის მეორე კვარტლის შემოსავლები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 31 აგვისტოს.
მარტის შუა რიცხვებში საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ფასი მხოლოდ ერთ დღეში მეოთხედით დაეცა. დამკვირვებლებს ეშინოდათ ბანკის გაკოტრების აშშ-ის საბანკო ბაზარზე ბანკების მთელი რიგი გაკოტრებების შემდეგ.
მალე შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის უმსხვილესი ბანკი UBS ყიდულობს კრიზისში მყოფ Credit Suisse-ს 3 მილიარდ ფრანკად (3,2 მილიარდ დოლარად).
2023 წლის ივნისის დასაწყისში შვეიცარიის პარლამენტმა შექმნა კომისია იმ გარემოებების გამოსაძიებლად, რომლებმაც გამოიწვია კრიზისი ქვეყნის მსხვილ ბანკში Credit Suisse-ში და ფინანსური ჯგუფი UBS-ის მიერ მისი შთანთქმა.
მოსალოდნელია, რომ კომისია შეისწავლის ბოლო წლების განმავლობაში პასუხისმგებელი ოფიციალური პირების ქმედებებს Credit Suisse-თან დაკავშირებით.