თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ევრო 2023-ზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა არა მარტო ონლაინ, არამედ სტადიონების სალაროებშიც არის შესაძლებელი, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ევროპის 21 წლამდელთა ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
„სალაროები 11:00 საათზე გაიხსნება, ორი ბილეთის შეძენის შემთხვევაში მესამეს საჩუქრად მიიღებთ“, – ნათქვამია სფფ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პირველ ტურში 21 ივნისს პორტუგალიას შეხვდება, 24 ივნისს – ბელგიას. 27 ივნისს სვანაძის გუნდი ნიდერლანდს დაუპირისპირდება. ყველა მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მატჩების განრიგი:
საქართველო – პორტუგალია
„დინამო არენა“
21 ივნისი, 20:00.
საქართველო – ბელგია
„დინამო არენა“
24 ივნისი, 20:00.
ნიდერლანდი – საქართველო
„დინამო არენა“
27 ივნისი, 20:00.
ივნისის დასაწყისში საქართველოს ფეხბურთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სია 35 მოთამაშისგან შედგება, ხოლო საბოლოო 23-კაციან განაცხადს მთავარი მწვრთნელი 16 ივნისს წარმოადგენს, პორტუგალიასთან მატჩამდე ხუთი დღით ადრე.
სიაში მოხვდნენ ძირითადი ნაკრების ფეხბურთელები – ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი.
საქართველოს მთავრობამ უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად 115 მლნ ლარი გამოყო: აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს.