ჭიათურაში ცხრა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

მუშებმა კომპანიას რიგი მოთხოვნები წაუყენეს, მათ შორის – ხელფასების გაზრდა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა.
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ჭიათურაში კომპანია Georgian Manganese Holding-ის გაფიცული მაღაროელებიდან ცხრა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.
გასულ კვირაში კომპანიის ხელმძღვანელობამ, რომელიც ჭიათურის შახტებში ოპერირებს, საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო ადმინისტრაციული ხარჯების მინიმიზაციისა და ორცვლადი 12-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან სამცვლად 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლის შესახებ განაცხადა, რამაც საპროტესტო აქციის დაწყებას მისცა ბიძგი.
მაღაროელთა განცხადებით, Georgian Manganese-ის მიერ შეთავაზებულმა ახალმა სამცვლიანმა სამუშაო გრაფიკმა ანაზღაურების შემცირება და სამუშაო დღეების მატება გამოიწვია. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ჩართულია შრომის ინსპექცია.
საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მერვე დღეა იმართება. გაფიცულთა ძირითად მოთხოვნებს შორისაა – არსებული სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ხელფასების გაზრდა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა.
ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება>>>
თავის მხრივ, კომპანია დაჟინებით მოითხოვს სამუშაოს ახალ გრაფიკზე გადასვლას და აღნიშნავს, რომ უცვლელი რჩება დასაქმებულთა ხელფასი, დასვენების საათები და სამუშაო დრო.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანია უკეთესი და თანაბარი სამუშაო პირობების შეთავაზება და მუშაკთა პროდუქტიულობის გაზრდა.
Georgian Manganese Holding
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.
პრობლემები კომპანიაში
2023 წლის თებერვლიდან კომპანია განსაკუთრებულ რეჟიმში იმყოფება: ჭიათურაში დროებით შეჩერებულია მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა თანმდევი საქმიანობა, კომპანია კი სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად მეხუთე თვეა 3.382 მუშას ხელფასის 60%-ს უხდის.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ 2023 წელს პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო ფეროშენადნობების ექსპორტი არ უწარმოებია.