თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლები გაიხსნა, რის შედეგადაც მსჯავრდებულთათვის იუსტიციის სახლის სერვისების მიღება სასჯელის მოხდის ადგილზევე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პროექტი იუსტიციის სახლსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთათვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის 50-ზე მეტი სერვისი, მათ შორის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღება, დაბადების რეგისტრაცია, არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანხმობის გაცემა, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, განქორწინების რეგისტრაცია, ატესტატის აღება, ინდმეწარმედ რეგისტრაცია და სხვ.
ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება.
ამ დრომდე სერვისის მიღება პატიმრებს მესამე პირისათვის გაცემული მინდობილობის საფუძველზე შეეძლოთ ან იუსტიციის სახლთან წერილობითი კომუნიკაციით.
უწყების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში სერვის-ცენტრისთვის განკუთვნილი სივრცეები სრულ შესაბამისობაშია იუსტიციის სახლების ინტერიერთან.
იუსტიციის სახლის პირველი ფილიალი მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიხსნა, კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა რუსთავის მე-5 (ქალთა) დაწესებულებაში და ეტაპობრივად სხვა დაწესებულებებშიც გაიხსნება.