აზიის განვითარების ბანკის რეგიონულ პროგრამაში ქართული პროექტებიც შევა

საქართველო ასევე მხარს უჭერს ენერგეტიკის მიმართულებით საერთო პროექტებისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის სფეროებში განიხილეს ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი რანგის წარმომადგენელების შეხვედრაზე თბილისში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
13-14 ივნისს თბილისში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ CAREC-2030 სტრატეგიის მიზნების განხორციელებას; რეგიონული თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, საფინანსო და სხვა სექტორებში. შეხვედრებს უძღვება გენადი არველაძე.
„ჩვენ ვართ ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყანა, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფორმირება CAREC - ის წევრ ქვეყნებს შორის“, - განაცხადა არველაძემ მისასალმებელ სიტყვაში.
მისი თქმით, საქართველო ასევე მხარს უჭერს ენერგეტიკის მიმართულებით საერთო პროექტებისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას, აგრეთვე საბაჟო პუნქტების ერთობლივი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობას.
„CAREC-ის რეგიონს დიდი შესაძლებლობა აქვს, გახდეს „მწვანე ეკონომიკაზე“ გლობალური გადასვლის ლიდერი“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, შაოჰონგ იანგმა.
მისი თქმით, რეგიონული თანამშრომლობა აღნიშნული რეგიონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია „მწვანე ეკონომიკაზე“ გადასასვლელად. შაოჰონგ იანგმა მადლობა გადაუხადა გენადი არველაძეს საქართველოში 2023 წელს CAREC-ის ღონისძიებების მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, CAREC-ის პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას.