თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოში სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „მაკდონალდსი“ ხელს უწყობს სამოქალაქო დაპირისპირების ახალი კერების გაღვივებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
„მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელში „ჰეფი მილის“ საბავშვო მენიუში გამოჩნდა სასაჩუქრე წიგნი, რომელშიც აღწერილია მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრება, მათ შორის გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ავტორი მკითხველს მოუწოდებს, წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს“.
„საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეების ამოცანაა დაპირისპირებების ახალ-ახალი კერების შექმნა. ძალიან სამწუხაროა, თუკი „მაკდონალდსი“ ამ ბრძოლაშია ჩართული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პოლიტიკოსმა აღნიშნულ ფაქტს ბავშვების მიმართ აღმაშფოთებელი პოლიტიკა უწოდა.
„ყოვლად უგვანო პოლიტიკის გატარებაა, მით უმეტეს, ბავშვებთან მიმართებით, რომ როგორმე სამოქალაქო დაპირისპირების ახალი კერები გაჩნდეს, მით უმეტეს, ასეთი გამაღიზიანებელი ფაქტორის გამოყენებით, როგორიცაა ლგბტ–პროპაგანდა ბავშვებს შორის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატმა უკვე გაუგზავნა შეტყობინება კომპანია „მაკდონალდსის“ დამფუძნებელსა და Coca-Cola-ს ქარხნის მფლობელ თემურ ჭყონიას და სთხოვა დააზუსტოს, არის თუ არა ეს „მაკდონალდსის“ და „კოკა-კოლას“ ბოლო პერიოდის პოლიტიკა, რომ „შემოიტანოს ისეთი თემა, რაც საზოგადოებაში დაპირისპირებას აუცილებლად გამოიწვევს?“
კომპანია McDonald's სკანდალში ერთი თვის წინაც გაეხვა, როცა საუბარი დაიწყო თბილისის ქუჩებში განთავსებულ McDonald's-ის სარეკლამო ბანერებზე, სადაც იყო წარწერა „დღეს საქართველოში 235 ათასზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს“. მაშინ მმართველმა პარტიამ კომპანია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 137,2 ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახი, სადაც 16 წლამდე 230,9 ათასი ბავშვი ცხოვრობს.
McDonald's-ის მენეჯმენტმა შეცდომა აღიარა და სარეკლამო ბანერები მოხსნეს.
ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი თბილისში ქართველმა ბიზნესმენმა და „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ 1990-იან წლებში გახსნა. ახლა საქართველოში McDonald's-ის ოცზე მეტი სწრაფი კვების რესტორანია. გარდა ამისა, ბიზნესმენი ფლობს Coca-Cola-ს ქარხანას და სხვა ბიზნესებს საქართველოში.