თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ჭიათურაში კომპანია Georgian Manganese Holding-ის მაღაროელების პროტესტი გრძელდება, ამ ეტაპზე ყველგან შეჩერებულია მანგანუმის მადნის მოპოვება, იუწყება „პირველი არხი“.
კომპანიის ხელმძღვანელობამ, რომელიც ჭიათურის შახტებში ოპერირებს, საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო გასულ კვირაში ადმინისტრაციული ხარჯების მინიმიზაციისა და ორცვლადი 12-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან სამცვლად 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლის შესახებ განაცხადა, რამაც საპროტესტი აქციის დაწყებას ბიძგი მისცა. აქციის მონაწილეები დღეს ჭიათურის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.
„ჩვენ ვითხოვთ ხელფასის მომატებას, სამუშაო პირობების შექმნას. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ტექნიკა. როგორ უნდა შევასრულოთ გეგმა, როცა ტექნიკა არ შემოუტანია კომპანიას? მოვიდნენ და ნახონ, რითი გამოგვაქვს ნედლეული მაღაროდან", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იუზა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, მაღაროელებს ელემენტარული სასადილოც კი არ აქვთ. გარდა ამისა, ისინი უკმაყოფილო არიან სადაზღვევო პაკეტით. აქციის მონაწილის თქმით, მაღაროელებს ბანკებში დავალიანებები დაუგროვდათ, რადგან მანამდე მათ დაჰპირდნენ კრედიტის გადახდის გრაფიკის შეჩერებას.
გაფიცულთა ძირითად მოთხოვნებს შორისაა – არსებული სამუშაო გრაფიკის დაბრუნება და ხელფასების გაზრდა.
თავის მხრივ, კომპანია დაჟინებით მოითხოვს სამუშაოს ახალ გრაფიკზე გადასვლას და აღნიშნავს, რომ უცვლელი რჩება დასაქმებულთა ხელფასი, დასვენების საათები და სამუშაო დრო.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანია უკეთესი და თანაბარი სამუშაო პირობების შეთავაზება და მუშაკთა პროდუქტიულობის გაზრდა.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანი უკეთესი და თანაბარი სამუშაო პირობების შეთავაზება და მუშათა პროდუქტიულობის გაზრდაა.
Georgian Manganese Holding
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.
პრობლემები კომპანიაში
2023 წლის თებერვლიდან კომპანია განსაკუთრებულ რეჟიმში იმყოფება: ჭიათურაში დროებით შეჩერებულია მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა თანმდევი საქმიანობა, კომპანია კი სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად მეხუთე თვეა 3.382 მუშას ხელფასის 60%-ს უხდის.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ 2023 წელს პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო ფეროშენადნობების ექსპორტი არ უწარმოებია.