შექმნიან თუ არა მცირე პარტიები კოალიციას არჩევნების წინ - პირველი შეფასებები

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე დაიწყო საუბარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციის შექმნაზე.
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოში მცირე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ამ ეტაპზე კოალიციაში შესვლას არ განიხილავს, თუმცა მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
ორმა ოპოზიციურმა პარტიამ კი უკვე დაიწყო საუბარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციის შექმნაზე. პარტია „ლელო“ მზად არის გახდეს წამყვანი პარტია პროევროპული ძალების კოალიციაში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და ლევან ბეჟაშვილმა განაცხადეს, რომ პარტია მზად არის ითანამშრომლოს მცირე პოლიტიკურ ძალებთან.
„ვფიქრობ, რომ საჯარო განცხადებებამდე პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შევძლოთ და ერთმანეთთან საუბარი დავიწყოთ, შემდეგ გაკეთდეს საჯარო განცხადებები და კომენტარები, აშკარაა, რომ საჯარო განცხადებებით მხოლოდ ირღვევა და ზიანდება ოპოზიციური ფლანგის ინტერესები“, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.
მისი თქმით, პარტიებს შორის საჭიროა დიალოგი, და არა ცალკეულ ძალთა ლიდერების საჯარო წინადადებები.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი მიიჩნევს, რომ კოალიციის შესაქმნელად პარტიებმა საკუთარი „ეგო“ უნდა დაძლიონ.
ალეკო ელისაშვილი
„ძალიან არ მომწონს ეს ყელყელაობა, რომ აი ჩვენს გარშემო უნდა შეიკრიბონ, „ლელო" რასაც აკეთებს ახლა. რატომ უნდა შევიკრიბოთ „ლელოს" გარშემო... დაეშვან მიწაზე, დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ და თუ მართლა უნდათ, რომ გავუშვათ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" არ მოვუშვათ, მაშინ დავსხდეთ და მომავალზე ვილაპარაკოთ. ვერავინ ვერ ერევა ამ თავის ეგოს, ვერც ერთი პარტია", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი საერთოდ არანაირ კოალიციებში შესვლას არ აპირებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ პრინციპული პოზიციაა, რომ შიდა ოპოზიციურ განხილვებსა და კინკლაობებში მონაწილეობა არ მიიღოს“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: საქართველოში ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს >>
ამასობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა, მისი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ასეთი ძალა არ არსებობს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პარტიების ქმედებები ახლა ამძაფრებს უნდობლობას საზოგადოებაში, რომელსაც სურს ერთიანი ოპოზიციის ხილვა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნული ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.