თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს ელექტრონული სერვისებით და მხოლოდ 10% - ტრადიციული კენჭისყრით, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნული ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
„ეს პასუხობს და მიჰყვება იმ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რომლებიც უკვე მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის, ევროპულ ქვეყანებში, აშშ-ში, კანადაში და ა.შ., სადაც ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენება ხდება. შესაბამისად, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100%-იანი ტექნოლოგიური გამოყენება გვაქვს, რადგან 10%-იან ტრადიციულშიც კი, ჩვენ გვაქვს ბიულეტენების გაციფრულება, რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართული არჩევნების ისტორიაში“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, 29 აპრილს ათ მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნები იყო გენერალური რეპეტიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
„ფართო მასშტაბებს, ცხადია, თავისი გამოწვევები აქვს და აქვს საკითხები, რომელიც საჭიროებს პრაქტიკაში კიდევ ერთხელ დაკვირვებას, რათა თუ რამე იარსებებდა, ჩვენ დარჩენილ წელიწად-ნახევარში მოგვეხდინა მათი გაუმჯობესება, გადაზღვევა და ა.შ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, განვლილი პილოტები და საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აპარატები არის ნამდვილად უტყუარი და სარწმუნო, ყველა ადამიანური შეცდომის გამორიცხვის გათვალისწინებით, რაშიც საარჩევნო ადმინისტრაცია კარგა ხანია დარწმუნდა.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, იმ 10%-ის შერჩევა, რომელიც ხმას ტრადიციული მეთოდით მისცემს, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდა და ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართა, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო.
„ჩვენ ერთ-ერთ კრიტერიუმად ავიღეთ, სადაც იყო 300-ზე ნაკლები ამომრჩეველი; ასევე, ისეთი უბნები, რომლებიც რთულად მისადგომი იყო, ან ისეთი უბნები, რომელთა ინფრასტრუქტურა ფიზიკურად არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ ეს ტექნოლოგიები განთავსებულიყო“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
29 აპრილს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. არჩევნები 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანზე ელექტრონული კენჭისყრის რეჟიმში ჩატარდა.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.