თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საზღვრისპირა რეგიონებში ორივე ქვეყნის სპეციალისტების მონაწილეობით ერთობლივი რადიომონიტორინგი ჩატარდა, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანის ციფრული განვითარების სამინისტროს ცნობით, რადიომონიტორინგის მიზანია სასაზღვრო რაიონებში მობილური საკომუნიკაციო ქსელების და ტელერადიომაუწყებლობის რეგულირება, რადიოსიხშირული რესურსების ეფექტური გამოყენება ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებით, ურთიერთგადაფარვების პრევენცია.
რადიომონიტორინგის შემდეგ ექსპერტებს შორის გაიმართა დისკუსია, სადაც განიხილებოდა სასაზღვრო ტერიტორიებზე ტელერადიომაუწყებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან და ორმხრივ პროტოკოლებთან შესაბამისობის და ახალი თაობის ტექნოლოგიების (5G, DAB+ და ა.შ.) დანერგვისათვის რადიოსიხშირული არხების შეთანხმების საკითხები.
„დისკუსიის შედეგების მიხედვით, გადაწყდა შესაბამისი ზომების მიღება სასაზღვრო ტერიტორიებზე აღნიშნული ტექნოლოგიების დასარეგულირებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.
აღნიშნულია, რომ რადიომონიტორინგსა და განხილვებში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოს, რადიოსიხშირეების სახელმწიფო სამმართველოსა და მობილური ოპერატორების სპეციალისტებმა.