საეკლესიო კალენდარი: 11 ივნისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2022 წლის 11 ივნისს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების ხსენებას აღნიშნავს.
Sputnik
საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის მოწამე თეოდოსია ქალწულის, ტვირელის, ღირსმოწამისა თეოდოსია ქალწულის და წმიდა ალექსანდრეს, ალექსანდრიელი პატრიარქის ხსენების დღეც.
ხსენება I მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც იყო ნიკეას 325 წელს
ამ კრების ხსენებას ეკლესია უძველესი დროიდან აღნიშნავს. უფალმა იესო ქრისტემ უდიდესი აღთქმა დაგვიდო: „აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მთ. 16,18). ამ აღთქმაში წინასწარმეტყველურად არის ნაუწყები, რომ, თუმც ქრისტეს ეკლესიას მრავალი ბრძოლის გადატანა მოუწევს, მაგრამ გამარჯვება მარად მის მხარეს იქნება.
IV საუკუნიდან ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ თვით ეკლესიის შიგნით გაჩნდა ერესები, რომელთა შორის ყველაზე საშიში ერესი იყო არიანელობა. ალექსანდრიელი პრესვიტერი არიოზი - უაღრესად ამაყი და პატივმოყვარე კაცი - უარყოფდა იესო ქრისტეს ღვთაებრიობას და თანასწორობას მამა ღმერთთან. ალექსანდრიის პატრიარქის ალექსანდრეს მოთხოვნით მოწვეულმა ადგილობრივმა კრებამ დაგმო არიოზის ცრუსწავლება, მაგრამ ერეტიკოსი არ დაემორჩილა კრების განჩინებას და განაგრძო თავისი დამღუპველი სწავლების გავრცელება მთელ აღმოსავლეთში. წარმოქმნილი შფოთის აღსაკვეთად წმიდა მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინემ (ხს. 21 მაისს) თხოვნით მიმართა ოსია კორდუბელს, აეხსნა მისთვის არიანელობის არსი. როცა იმპერატორი დარწმუნდა, რომ ცრუსწავლება ქრისტიანობის უმთავრესი დოგმატის წინააღმდეგ იყო მიმართული, გადაწყვიტა, მსოფლიო კრება მოეწვია. მისი მოწვევით 325 წელს ნიკეაში თავი მოიყარა 318 ეპისკოპოსმა - მსოფლიო საქრისტიანოს წარმომადგენლებმა. შეკრებილთა შორის იყვნენ აღმსარებლები, რომლებმაც ქრისტიანთა დევნის დროს საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს: პაფნუტი თებაიდელი, პოტამონ ჰერაკლიელი, პავლე - მესოპოტამიის ეპისკოპოსი. კრებას ესწრებოდნენ აგრეთვე ეკლესიის ბურჯები: წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის არქიეპისკოპოსი (ხს. 6 დეკემბერს და 9 მაისს), წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი (ხს. 12 დეკემბერს) და სხვები.
საეკლესიო კალენდარი: 10 ივნისი
ალექსანდრიის პატრიარქი ალექსანდრე ჩავიდა დიაკონ ათანასესთან ერთად, რომელიც შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქი გახდა და მართლმადიდებლობის დასაცავად გაწეული ღვაწლისათვის „დიდი“ ეწოდა. კრების სხდომებს ესწრებოდა წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორი. ევსევი კესარიელის მისალმების პასუხად მან ბრძანა: „ღვთის შეწევნით დავამხე მდევნელთა ძალაუფლება, მაგრამ ყოველგვარ ომზე, სისხლისღვრაზე მძიმეა ჩემთვის ქრისტეს ეკლესიის წიაღში ატეხილი ბრძოლა“.
კრებამ დაგმო არიოზის ერესი, თავად ცრუმოძღვარი კი განკვეთა ეკლესიიდან. წმიდა ათანასე დიდმა თავის სიტყვაში საბოლოოდ გააცამტვერა არიოზის მკრეხელური აზრები. კრებაზე დამტკიცდა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლო, სადაც წმიდა მამებმა გადმოსცეს სწავლება სამების მეორე წევრის იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ.
მთავარი დოგმატური საკითხის გადაწყვეტის შემდეგ კრებამ დაამტკიცა საეკლესიო მართვისა და დისციპლინის კანონები. გადაწყდა აგრეთვე, რომ აღდგომის დღესასწაული აღენიშნათ ებრაელთა პასექის შემდეგ, მთვარის აღვსების მომდევნო კვირადღეს.
წმიდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი
წმიდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი (307-308) აღესრულა 307 ან 308 წელს. ცნობები მისი ცხოვრების შესახებ მოთავსებულია 3 აპრილის საკითხავში. 29 მაისს აღინიშნება მისი წმიდა ნაწილების გადასვენება კონსტანტინეპოლსა და ვენეციაში.
საეკლესიო კალენდარი: 9 ივნისი
ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელი
ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელი (+730) VIII საუკუნეში ცხოვრობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი კონსტანტინეპოლის წმიდა მოწამე ანასტასიას სახელობის ქალთა მონასტერში იზრდებოდა, შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა. მემკვიდრეობით მიღებული ქონება წმიდანმა ღარიბებს დაურიგა, თანხის ნაწილით კი მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმიდა ანასტასიას ხატები დააწერინა. ლეონ ისავრიელმა (717-741) ტახტზე ასვლისთანავე გამოსცა ბრძანება, რომელიც წმიდა ხატთა განადგურებას მოითხოვდა. მაშინ კონსტანტინეპოლში იყო ერთი კარიბჭე, რომლის თავზეც 400-ზე მეტი წლის განმავლობაში მაცხოვრის სპილენძის ხატი იყო აღმართული. 730 წელს ხატმბრძოლმა ცრუ პატრიარქმა ანასტასიმ ბრძანა ხატის მოხსნა. მართლმადიდებლები წმიდა თეოდოსიას წინამძღოლობით მხნედ დადგნენ მის დასაცავად. ხალხის შფოთით შეშინებულმა ცრუპატრიარქმა მომხდარის შესახებ იმპერატორს აცნობა. ლეონ ისავრიელის ბრძანებით მონაზვნები ამოხოცეს, ხოლო მათი მეთაური, წმიდა თეოდოსია საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანს 7 დღის განმავლობაში აწამებდნენ, მერვე დღეს კი ქალაქში გაიყვანეს და წამებით ამოხადეს სული. ქუჩაში დაგდებული ღირსმოწამის ცხედარი ქრისტიანებმა დიდი პატივით დაფლეს კონსტანტინეპოლის დიოკრისტის მონასტერში.
წმიდა ალექსანდრე, ალექსანდრიელი პატრიარქი
წმიდა ალექსანდრე, ალექსანდრიელი პატრიარქი 313-326 წლებში განაგებდა ალექსანდრიის ეკლესიას. ეს არიოზის ერესის მძვინვარების ჟამი იყო და მართლმადიდებლობის ქადაგი და მოღვაწეც დაუცხრომლად იბრძოდა მწვალებლობის სამხილებლად. დაახლოებით 320 წელს მან მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელმაც დაგმო არიოზის სწავლება, მისი მიმდევრები კი განკვეთა ეკლესიიდან. ცრუმოძღვარი მაინც არ დაცხრა. 325 წელს არიოზის სამხილებლად გამართულ ნიკეის I მსოფლიო კრებაზე წმიდა ალექსანდრე ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო. მისმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი წმიდა სამების შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის დაცვას. ნეტარმა მამამ 326 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.