მარტვილისა და ოკაცეს კანიონების მონახულება ღამით, 3D განათების ფონზე უკვე შესაძლებელია

3D განათების სისტემის დამონტაჟების შემდეგ ტურისტებისთვის ორი პოპულარული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის ნახვის დრო გახანგრძლივდა.
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. პირველად საქართველოში მარტვილის კანიონისა და ოკაცეს კანიონში ჩანჩქერის მონახულება 3D განათების თანამედროვე სისტემის მეშვეობით ღამის საათებშიც არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ახალი განათებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა.
„მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორებს დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამისთვის ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
მისი ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს დაახლოებით 1200კმ საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი ღამით 3D განათებით
ბუნებაში მოგზაურობა რისკებთან არის დაკავშირებული, ამიტომ აქამდე მარტვილის კანიონის ტერიტორიის მონახულება 19:00 საათამდე იყო დაშვებული. ახლა კი, 3D განათების სისტემის დამონტაჟების შემდეგ ამ ტერიტორიებზე ვიზიტორების შეშვება 22:00–23:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ აყენებს გარემოს და, ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.
მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი ღამით 3D განათებით
დღეიდან მომდევნო 1 კვირის განმავლობაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მარტვილის კანიონზე, ხოლო ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა - ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობას უფასოდ შეძლებს.
მარტვილის კანიონი ქალაქიდან ხუთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, სოფელ გაჭედილის სამხრეთით. კანიონში მიედინება მდინარე აბაშა. თავად კანიონი ზედა და ქვედა ნაწილებისგან შედგება, რომლებიც მეჩეჩით იყოფა. ზედა ნაწილში ნავებით სეირნობაა შესაძლებელი, ქვემოთ კი ცურვის მსურველები იყრიან ხოლმე თავს.
მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი ღამით 3D განათებით
ოკაცეს კანიონი ქუთაისიდან 50 კილომეტრში, ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე – 50 მ. კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის – ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია.
განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კინჩხის სამკასკადიანი ჩანჩქერი, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის – 70, ხოლო მესამის – 35 მეტრი.