მოლდოვური ლოუკოსტერი თბილისში ავიარეისების შესრულებას იწყებს

FlyOne — 2016 წლის მარტის ბოლოს დაფუძნებული მოლდოვური ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც კიშინიოვშია ბაზირებული.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. მოლდოვის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyOne-მა კიშინიოვი-თბილისი-კიშინიოვის მიმართულებით პირდაპირი რეისის განხორციელების ნებართვა მიიღო, განაცხადეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, რეისები ყოველდღიურად 20 ივნისიდან განხორციელდება.
FlyOne — 2016 წლის მარტის ბოლოს დაფუძნებული მოლდოვური ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც კიშინიოვშია ბაზირებული.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში თბილისის აეროპორტი 713,7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 41%-ით აღემატება 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს. პირველ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობის მაჩვენებელი 89%-ით დაიბრუნა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1.208.462 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 109,6%-ით მეტია. ახალი მაჩვენებლების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების პანდემიამდელი პერიოდის მონაცემები 74,7%-ით არის აღდგენილი.