საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა - ახალი სტატისტიკა

„საქსტატი“ ინვესტიციების შემცირების ძირითად მიზეზად რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებას ასახელებს.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2022 წლის პირველი კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 13,7%-ით შემცირდა და 496,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
„საქსტატი“ ინვესტიციების შემცირების ძირითად მიზეზად რეინვესტიციის მაჩვენებლების 39,5%-ით შემცირებას ასახელებს.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ ნიდერლანდს, იაპონიას, აშშ-ს, თურქეთს, რუსეთს, მარშალის კუნძულებს, ყაზახეთს, ჩინეთს და ა.შ. რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ 2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 61,1%-ით მეტია.
წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 53,3%-ით გაიზარდა.
ინვესტიციები საქართველოში 2023 წლის იანვარ-მარტში, ქვეყნების სამეული

ქვეყანა

მლნ დოლარი

წილი, %

ნიდერლანდი

239,6

48,2

იაპონია

63,2

12,7

აშშ

54,7

11,0

რომელ დარგებში აბანდებენ

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე ენერგეტიკა.
ინვესტიციები საქართველოში 2023 წლის იანვარ-მარტში, ლიდერთა სამეული

დარგი

მლნ დოლარი

წილი, %)

დამამუშავებელი მრეწველობა

226,3

45,6

ვაჭრობა

90,7

18,3

ტრანსპორტი

43,3

8,7

ინვესტიციები ასევე განხორციელდა სამშენებლო სფეროში, ხელოვნებაში, დასვენებასა და გართობაში, ფინანსურ და სადაზღვევო საქმიანობაში, პროფესიულ და სამედიცინო საქმიანობაში, ასევე სასტუმროებსა და რესტორნებში.

სააქციო კაპიტალი

2023 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 300,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60,5%-ია. რეინვესტიციამ 189,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 38,2%-ით განისაზღვრა.

საინვესტიციო პოლიტიკა

მთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა, ქვეყანა ახლებურ პოზიციონირებას აპირებს.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
გარდა ამისა, მიიღებენ კანონს „მეწარმეთა შესახებ", რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს იტყვის ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი ექნებათ.