თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. 2021 წლის ოქტომბერში მმართველი პარტიიდან არჩეულმა გურჯაანის რაიონის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
„ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში“, - დაწერა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში.
შესრულებული სამუშაოს შეჯამებისას, უტიაშვილმა ახსენა რაიონში მუნიციპალური ტრანსპორტის პროექტის რეალიზაცია, ქუჩების რემონტი, საბავშვო მოედნების და სავარჯიშო სივრცეების მშენებლობა. ასევე საჭიდაო მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობის დაწყება, რომელიც150 მაყურებლიან ტრიბუნას მოიცავს, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა დონის სპორტული ტურნირის ჩატარება.
საქართველოს კანონმდებლობით, უტიაშვილის წასვლის შემდეგ, მის უფლებამოსილებებს მუნიციპალიტეტის პირველი ვიცე-მერი შეასრულებს. შემოდგომაზე კი გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.