რა ეტაპზეა ავარიული სახლების ჩანაცვლება თბილისში - მერიის პასუხი

2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე 20 მილიონი ლარი გამოიყო.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. თბილისის მერია 2023 წელს 40 ავარიული შენობის ჩანაცვლების საკითხზე მუშაობს და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში, რომელიც დეპუტატს შეკითხვაზე საპასუხოდ მიეწოდა.
მერიის ინფორმაციით, 2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე 20 მილიონი ლარი გამოიყო.
„მოსახლეობასთან მოლაპარაკებები სხვადასხვა ეტაპებზეა, ზოგ შემთხვევაში შენობების აზომვები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში გაფორმდა წინასწარი შეთანხმება უფლებების ჩანაცვლებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთი სახლის მშენებლობა უკვე დაწყებულია - იქ დასრულებულია პარკირების ზონა და აშენდა პირველი სართული, მეორე კორპუსზე კი ტენდერი გამოცხადდა.
თბილისის მერიამ აამოქმედა დედაქალაქის რაიონების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული სახლების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.
ოფიციალური მონაცემები ეყრდნობა შენობების ინსპექტირებას მოქალაქეების მიმართვების შემდეგ.