მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში: კომპანიასა და მუშებს შორის მოლაპარაკება ვერ ხერხდება

ამ დროისთვის მუშებმა კომპანიას 25 მოთხოვნა წაუყენეს
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ჭიათურაში კომპანია Georgian Manganese Holding-ის მაღაროელები მოთხოვნების შესრულებას უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ითხოვენ.
Georgian Manganese Holding-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვლიდან კომპანია განსაკუთრებულ რეჟიმში იმყოფება: ჭიათურაში დროებით შეჩერებულია მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა თანმდევი საქმიანობა. კომპანია სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად მეხუთე თვეა 3.382 მუშას ხელფასის 60%-ს უხდის.
ფეროშენადნობების მოპოვების პრობლემა საქართველოში და გაფიცვის საფრთხე: კომპანიის პასუხი >>
ამ დროისთვის მუშებს აქვთ 25 მოთხოვნა, მათ შორის ხელფასების გაზრდა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა.
„ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, რადგან უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ყველაზე რთული სამსახური გვაქვს, მიწის ქვეშ შევდივართ კილომეტრებზე, ჩვენს სიცოცხლეს ვდებთ სასწორზე, ჩვენს ჯანმრთელობას ვიზიანებთ. ამიტომ გვჭირდება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ პასუხებზე და სანამ ამას არ მივიღებთ, პროტესტს არ შევწვეტყთ", - ამბობს გაფიცული მაღაროელი.
კომპანია მზადაა ადმინისტრაციული ხარჯების მინიმიზაციისა და ორცვლადი 12-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან სამცვლად 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლისთვის.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ფეროშენადნობების ექსპორტი 2023 წელს პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო არ გაუკეთებია.
Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.