თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ნიდერლანდის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „სკვითური ოქრო“, რომელიც წლების განმავლობაში იყო ნიდერლანდში სამართლებრივი ბრძოლის საგანი, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს.
„უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ყირიმის მუზეუმების“ საკასაციო საჩივარი. ამგვარად, [ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის] გადაწყვეტილება ძალაში რჩება“, — ნათქვამია სასამართლოს საიტზე.
ამსტერდამის ალარდ პირსონის მუზეუმმა ყირიმის ოთხ მუზეუმში დაცული „სკვითური ოქროს“ კოლექცია 2014 წელს მიიღო გამოფენისთვის. კოლექცია ხუთი მუზეუმის არტეფაქტებისგან შედგებოდა, რომლიდანაც ერთი კიევში მდებარეობს, ოთხი კი ყირიმში.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნახევარკუნძული მიიერთა, გაურკვეველი გახდა, ვის უნდა გადასცემოდა უძველესი არტეფაქტები — კვლავ ყირიმის მუზეუმებს თუ უკრაინას.
2016 წლის 14 დეკემბერს ამსტერდამის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ „სკვითური ოქრო“ უკრაინას უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ ყირიმის მუზეუმებმა 2017 წლის იანვარში გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესი დაიწყეს. ამსტერდამის სასამართლომ 2021 წელს კვლავ უკრაინის სასარგებლო დასკვნა გამოიტანა, რაც ყირიმის მუზეუმებმა გასული წლის იანვარში გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, მხარეებს შორის დავა დასრულებულად გამოცხადდა.
„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბოლო მოუღო ამ დავას. ალარდ პირსონის მუზეუმმა „სკვითური ოქრო“ უნდა გადასცეს უკრაინის სახელმწიფოს და არა ყირიმის მუზეუმებს", — ნათქვამია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში.
საუბარია დაახლოებით 2 ათას არტეფაქტზე, რომელიც მანამდე ბონში იყო გამოფენილი და ამსტერდამში სწორედ იქიდან ჩაიტანეს. მანამდე ისინი არასდროს ყოფილა გამოფენილი ევროპაში. ექსპოზიციის ნიმუშებს შორისაა ჩინური ლაქის ზარდახშები უსტ-ალმინსკის სამარხიდან (ბახჩისარაის მახლობლად), მოხატული საკურთხეველი სკვითების მეფე სკილურის სამარხიდან, სკვითების გველის ფეხებიანი ქალღმერთის ქანდაკება, რომელიც ქალაქ ქერჩის სიმბოლოდ მიიჩნევა და მრავალი სხვა.