თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. დღეს შეერთებული შტატებისთვის ბნელი დღეა, ვინაიდან ქვეყნის პრეზიდენტი ბრალს უყენებს დონალდ ტრამპს — მის ყველაზე ძლიერ ოპონენტს 2024 წლის არჩევნებში, წერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი Twitter-ზე.
მანამდე ექს-პრეზიდენტმა ტრამპმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბაიდენის კორუმპირებულმა ადმინისტრაციამ ადვოკატებს მისთვის ბრალის წაყენების თაობაზე აცნობა“. მისი თქმით, ბრალდების საფუძველი ის საიდუმლო დოკუმენტაცია გახდა, რომელიც FBI-ს აგენტებმა მარ-ა-ლაგოში მდებარე მისი მამულის ჩხრეკისას აღმოაჩინეს.
„დღეს მართლაც შავი დღეა შეერთებული შტატებისთვის. პრეზიდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელია ბრალის წაყენება მოწინავე კანდიდატისთვის, რომელიც მის წინააღმდეგ გამოდის. ჯო ბაიდენი თავად ინახავდა ათწლეულების განმავლობაში საიდუმლო დოკუმენტებს“, — წერს მაკარტი.
მისი თქმით, ის და ყველა ამერიკელი, ვისაც კანონის უზენაესობის სჯერა, პრეზიდენტ ტრამპის გვერდით დგანან „ამ უმძიმესი უსამართლობის წინააღმდეგ“.
ამ დროისათვის რესპუბლიკელ კანდიდატრებს შორის კვლავ დონალდ ტრამპი ლიდერობს, თანაც დიდი სხვაობით. დღეის მონაცემებით, ექს-პრეზიდენტს რესპუბლიკური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების 53,8% ემხრობა. მომდევნო პოზიციაზეა რონ დესანტისი — 21,3%-ით. შემდეგ მოდიან: მაიკ პენსი — 5,4%-ით, ნიკი ჰეილი — 4,5%-ით, ვივეკ რამასვამი — 3,5%-ით, სკოტ უოკერი — 2,2%-ით და ასა ჰატჩინსონი — 0,7%-ით.
რაც შეეხება ჯო ბაიდენს, ივნისის გამოკითხვების თანახმად, მისი პოპულარობის ინდექსი 18 წელზე უფროსი ასაკის ამერიკელთა შორის 41%-ია, რაც ოდნავ მაღალია გასული თვის მაჩვენებელთან შედარებით.