თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. კომპანია Georgian Manganese Holding-მა, რომელიც ჭიათურის შახტებში ოპერირებს, ბაზარზე არსებული კრიზისის გამო მუშებს ახალი გრაფიკი შესთავაზა.
მანამდე ჭიათურაში შახტის მუშებმა განაცხადეს, რომ ისინი შეიძლება გაიფიცონ სამუშაო პირობების გაუმჯობესების, ანაზღაურების ზრდის და სამუშაოზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოთხოვნებით.
„საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო დღის წესრიგში სამუშაოს ახალ განრიგზე გადასვლაა, კერძოდ: ადმინისტრაციული ხარჯების მინიმიზაცია და ორცვლადი 12-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან სამცვლად 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამასთან, უცვლელი რჩება დასაქმებულთა ხელფასი, დასვენების საათები და სამუშაო დრო, აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანი უკეთესი და თანაბარი სამუშაო პირობების შეთავაზება და მუშათა პროდუქტიულობის გაზრდაა.
ამავე დროს კომპანიამ ფინანსური პრობლემების შესახებ განაცხადა.
„ამ წლის თებერვლიდან კომპანია განსაკუთრებულ რეჟიმში იმყოფება, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით ჭიათურაში დროებით შეჩერებულია მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა თანმდევი საქმიანობა", – ნათქვამია განცხადებაში.
Georgian Manganese Holding-ის ინფორმაციით, კომპანია სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად მეხუთე თვეა 3.382 მუშას ხელფასის 60%-ს უხდის.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ფეროშენადნობების ექსპორტი 2023 წელს პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო არ გაუკეთებია.
Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი". კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.