ადამიანი თქვენი მონათესავე სულია, თუ... რას ამბობენ ფსიქოლოგები?

Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ყველაზე სკეპტიკოს ცინიკოსებსაც კი უყვართ ისეთი ამბების მოსმენა და ფილმების ნახვა, სადაც ორი მონათესავე სულის ადამიანი ერთმანეთს პოულობს, ვინაიდან იმ ფაქტს, რომ სადღაც შეიძლება მათი „ორეულიც“ არსებობდეს, ერთგვარი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, მიაჩნიათ სპეციალისტებს.
ფსიქოლოგების თქმით, მონათესავე სული (ანუ, როგორც ინგლისურად უწოდებენ, Soulmate) — ეს არის ადამიანი, რომლის მიმართაც ღრმა და ბუნებრივ სიახლოვეს ვგრძნობთ. ეს სიახლოვე გულისხმობს: ერთმანეთთან მსგავსებას, სიყვარულს, მეგობრობას, მჭიდრო სულიერ კავშირს, თავსებადობასა და ნდობას.
მონათესავე სულებს, როგორც წესი, ერთსა და იმავე მოვლენაზე მსგავსი მოსაზრებები და რეაქციები აქვთ, ამიტომ ადამიანი გამუდმებით ეძებს და მიიწევს იმისკენ, ვინც, მთლად თუ არა, რაღაცით მაინც ჩამოჰგავს.

როგორ გავიგოთ, ვინ არის მონათესავე სული?

როგორც ფსიქოლოგები და ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, ნათელი ნიშანი იმისა, რომ სულიერ მეგობარს, ანუ მონათესავე სულს შეხვდით, არის თავისთავად წარმოშობილი ფიქრები ადამიანზე, მისი სახელის ხშირი დაცდენა და დასიზმრებაც კი.
გარდა ამისა, არსებობს სხვა ნიშნებიც. ადამიანი თქვენი მონათესავე სულია, თუ:
მის გვერდით თავს ყოველთვის მშვიდად, კომფორტულად გრძნობთ;
აბალანსებთ ერთმანეთს, ანუ ჰარმონიაში ხართ ერთმანეთთან;
გაქვთ ერთნაირი ცხოვრებისეული შეხედულებები და მსგავსი ოცნებები;
სხვებზე მეტ პატივს სცემთ ერთმანეთს;
ამ ადამიანის გვერდით არ გჭირდებათ თავის მოჩვენება, რაიმე როლის შესრულება — შეგიძლიათ იყოთ ისეთი, როგორიც ხართ;
უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის გრძნობები და ემოციები;
მძიმე პერიოდები კი არ გაშორებთ ერთმანეთისგან, პირიქით, კიდევ უფრო გაახლოვებთ.

შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს მონათესავე სული არ ჰყავდეს?

როგორც ფსიქოლოგი ინეს სფინკა აღნიშნავს, თითოეულ ადამიანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მონათესავე სული შეიძლება ჰყავდეს. ანუ თუ ერთ მომენტში ვინმესთან სულიერი თანხვედრა იგრძენით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ან თქვენ, ან მას შეხედულებები არ შეგეცვლებათ.
ამასთან, როგორც ფსიქოლოგი ამბობს, გამორიცხული არ არის, რომ ადამიანმა საერთოდ ვერასდროს იპოვოს მონათესავე სული. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ბუნებაში არ არსებობს. უბრალოდ, თუ უკვე ხანდაზმული ხართ, მაგრამ სულიერი მეგობარი არასდროს გყოლიათ, როგორც ჩანს, საკმაოდ კარჩაკეტილად ცხოვრობდით და ნაკლებად ურთიერთობდით სხვებთან.