თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე ფართობის მქონე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, პარკი საზეიმოდ გაიხსნება პარასკევს, 9 ივნისს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანების ღონისძიებები.
„ყველაფერი, რაც კი აუცილებელია პარკისთვის, გათვალისწინებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მერის განცხადებით, ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 5.524 მწვანე ნარგავი და მოეწყო სარწყავი სისტემა.
პარკის გახსნის ღონისძიებაზე „გუფი ლენდის“ კონცერტი გაიმართება. ამინდის გაუარესების შემთხვევაში კონცერტს გადადებენ, მაგრამ მერმა გამოთქვა იმედი, რომ სინოპტიკოსების პროგნოზი გამართლდება და წვიმა არ იქნება.
პარკის გახსნა, რომელსაც, კახა კალაძის თქმით, ასე ელოდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, საღამოს 8 საათზე დაიწყება.