თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრმა ბეგენჩ გოჩმოლაევმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის რიგით მეოთხე მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც მხარეებმა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები განსაზღვრეს, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.
პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა თანამშრომლობის გაძლიერება ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში.
„განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭეთ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში. საუბარია იმაზე, რომ გაიზარდოს მინერალური სასუქებისა და ნავთობპროდუქტების მოცულობა, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოში, შუა დერეფანში თურქმენეთიდან ხორციელდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ასევე დაისახა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. მიმდინარე წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფები ორი ქვეყნიდან იმუშავებენ, რათა ეს შეთანხმებები კონკრეტულ შედეგებში აისახოს, აღნიშნა მინისტრმა.
ასევე კომისიის სხდომაზე გამოითქვა ინტერესი თანამშრომლობაზე ციფრული დერეფნის განვითარების, აგრეთვე ტურიზმის, ორმხრივი ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
სხდომაზე ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ ფორუმზე თურქმენეთის დელეგაცია მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.
თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი თბილისში 5 ივნისს დაიწყო. გოჩმოლაევი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის გაზრდისთვის არის აუცილებელი.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის 2022 წელს 186,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემზე 13,8%-ით ნაკლებია.