თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის მზაკვრობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს დაავადება ადამიანისთვის შეუმჩნევლად იწყება, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მის განვითარებაზე არაერთი სიმპტომი გვაფრთხილებს, მაგრამ მათ არსებობას ადამიანები ხშირად სრულიად განსხვავებულ მიზეზებს მიაწერენ, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, სწორედ ამის გამოა, რომ დიაბეტის დიაგნოზს ხშირად არა უშუალოდ ენდოკრინოლოგი, არამედ სხვა სპეციალობის ექიმი სვამს.
„მაგალითად, როდესაც ადამიანი ფეხებში ტკივილის, თითებისა თუ ტერფების დაბუჟების ან წვის, კუნთების კრუნჩხვითი დაჭიმვის გამო ნევროლოგთან თუ ქირურგთან მიდის, მას იქ გამოკვლევა უტარდება და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს დიაბეტია“, — ამბობენ მედიკოსები.
იმისათვის, რომ ადამიანებს დიაბეტის განვითარება არ გამოეპაროთ, ექიმებმა რამდენიმე სიმპტომი დაასახელეს, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.
უცნაური სუნი პირიდან
ლათინურად შაქრიან დიაბეტს Diabetes mellitus ეწოდება, რაც სიტყვა სიტყვით „თაფლის დიაბეტს“ ნიშნავს. ამ ნოზოლოგიით დაავადებული ადამიანის ამონასუნთქს ზოგჯერ ხილის სუნი აქვს, შარდს კი — მოტკბო გემო. ძველად ექიმები დიაბეტის დიაგნოზის დასასმელად სწორედ ამით ხელმძღვანელობდნენ — პაციენტის ამონასუნთქს ყნოსავდნენ და შარდს გემოს უსინჯავდნენ.
მწვავე შიმშილი და წონის მერყეობა
სისხლში შაქრის დონის მუდმივმა მერყეობამ შეიძლება შიმშილის მუდმივი შეგრძნება გამოიწვიოს. ტკბილეულობისადმი ლტოლვა განსაკუთრებით ხშირია დიაბეტიანებში, რაც წონის მატებას იწვევს. ამასთან, ზოგჯერ ამ დაავადების გამო ადამიანები წონას კარგავენ, რადგან ინსულინს სისხლში უჯრედებთან გლუკოზა ვეღარ მიაქვს და ორგანიზმი კუნთოვანი ცილის გამოყენებას იწყებს „საწვავის“ სახით.
ხშირი შარდვა და მუდმივი წყურვილი
როდესაც სისხლში შაქრის დონე გარკვეულ დონეს აჭარბებს, თირკმელები ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად გამორეცხოს ის. ეს იწვევს ხშირ შარდვას, მათ შორის ღამითაც. და როცა სითხე ძალიან ინტენსიურად გამოიდევნება, ორგანიზმი მისი მარაგის შევსებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ როდესაც სისხლში შაქრის დონე იმატებს, ადამიანს მუდმივად სწყურია.
კრუნჩხვები, ტკივილი და შებოჭილობა
დიაბეტის შედეგად დეჰიდრატაცია იწვევს ელექტროლიტების ბალანსის დარღვევას, როგორიცაა კალიუმის ან მაგნიუმის დონის შემცირება. ეს, თავის მხრივ, იწვევს კუნთების მტკივნეულ სპაზმებს. გარდა ამისა, დიაბეტი ზოგჯერ აზიანებს სახსრების მობილობას, რადგან ზედმეტი გლუკოზა შემაერთებელ ქსოვილში გროვდება. ამან შეიძლება ხელ-ფეხის სახსრების შებოჭილობის გრძნობა გააჩინოს.
დაღლილობა და გუნების ცვალებადობა
ორგანიზმის მუდმივმა მცდელობამ, შეავსოს გლუკოზის დეფიციტი, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაღლილობა. ამას ხშირად ემატება ღამით ხშირი გაღვიძება საპირფარეშოში შესასვლელად.
სილურჯეები და შეუხორცებელი ჭრილობები
სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე არტერიებსა და სხვა სისხლძარღვებს აზიანებს. ეს ეფექტი ვლინდება მიკროცირკულაციის დარღვევით, რაც იწვევს დაჟეჟილობისას ძალიან მუქი სილურჯეების გაჩენას ან ჭრილობებისა და ნაკაწრების ცუდად შეხორცებას.
ცივი თითები და მშრალი კანი
ეს შეიძლება სრულიად უვნებელი ინდივიდუალური თავისებურებაც იყოს, თუმცა დიაბეტსაც შეუძლია დაარღვიოს სისხლის პერიფერული ცირკულაცია, რის გამოც კიდურების თითების კანი ცივდება. დეჰიდრატაციასთან ერთად ესეც იწვევს კანის მომატებულ სიმშრალეს, განსაკუთრებით ტერფებზე.
უჩვეულო შეგრძნებები ფეხებში
II ტიპის შაქრიანი დიაბეტი იწვევს ნერვული სისტემის ცვლილებებს, რაც უპირველესად ფეხებში იგრძნობა. დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს: უჩვეულო ჩხვლეტა და მწვავე ტკივილი ფეხებში, დაბუჟება ან მგრძნობელობის სრული დაკარგვა კანის ზოგ ნაწილში.
დიაბეტის საწყის ეტაპზე სენსორული ნერვების დაზიანებამ შეიძლება ძალიან უცნაური შეგრძნებები გამოიწვიოს. მაგალითად, ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს შეგრძნება, რომ ფეხის თითები მუდმივად მაღლა ეწევა. დიაბეტთან დაკავშირებული ყველა უსიამოვნო შეგრძნება ფეხებში, როგორც წესი, საღამოობით ძლიერდება.