თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ლა ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, მადრიდის „ატლეტიკო" მზად არის საქართველოში საფეხბურთო აკადემია გახსნას, განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
„ახლა ვაპირებთ საქართველოში „ატლეტიკოს“ აკადემიის გახსნას. ათი ბავშვი ყოველ წელს შეძლებს ჩამოვიდეს მადრიდში, აქ იცხოვროს და ითამაშოს. ეს ძალიან დიდი პროექტია", – განაცხადა პოლოლიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე გაიმართა ბოლო მოლაპარაკებები და მიღწეულია შეთანხმება.
„ვფიქრობ, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში ქართველ ბავშვებს ძალიან მაგარი შანსი ექნებათ“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა
საქართველოში უკვე გახსნილია ისეთი საფეხბურთო კლუბების აკადემიები, როგორიცაა „ინტერი", „ბეტისი", „ვალენსია", „ვილიარეალი", „იუვენტუსი".