მიმტანის ცემისთვის დაკავებულ რესტორნის მეპატრონეს გირაო შეეფარდა

თეიმურაზ ვარშანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორს 5000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ რესტორან „რეტროს“ მეპატრონე თეიმურაზ ვარშანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5.000-ლარიანი გირაო შეუფარდა, იუწყება „რუსთავი 2“.
რესტორან „რეტროს“ მეპატრონე ბათუმში ოფიციანტზე ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობის სახით 5000 ლარი შესთავაზა, ასევე მოითხოვა, რომ ბრალდებულმა საქმის დასრულებამდე ქვეყანა არ დატოვოს. თავად თეიმურაზ ვარშანიძემ სასამართლოს განუცხადა, რომ ხმამაღალი საუბრისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ბრალს არ აღიარებს.
„ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას. ამ ამბავს ძალიან განვიცდი. არავისთვის ხელი არ დამირტყამს, არავის ხელით არ შევხებივარ. ჩემს ხელში გაზრდილ ბავშვებს გვერდით ვედექი როგორც ჩემს შვილებს. როცა შევამჩნიე რომ უკმაყოფილო იყვნენ, გამიკვირდა, ვთხოვე გარეთ გასულიყვნენ. პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ“, - განუცხადა სასამართლო სხდომაზე თეიმურაზ ვარშანიძემ.
გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.
4 ივნისს რესტორნის ყოფილმა მენეჯერმა მარია ზოიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს ობიექტის მფლობელი სტუმრების თანდასწრებით სიტყვიერად და ფიზიკურად ოფიციანტზე. რესტორნის ყოფილმა თანამშრომელმა ვიდეოსთან ერთად გამოაქვეყნა ღია წერილიც, რომელშიც მომხდარის დეტალებზეა საუბარი. ზოიძის თქმით, თავად მან „რეტრო" თეიმურაზ ვარშანიძის მხრიდან შეურაცხყოფის გამო ცოტა ხნის წინ დატოვა. რესტორნის მფლობელი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს დააკავეს.
ადვოკატის თქმით, ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებულები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი, არის სიცრუე. მახარაშვილის მტკიცებით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ე.წ. ჩაის განაწილება, რაშიც ადმინისტრაცია საერთოდ არ ერევა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში დაწესებულებიდან 15-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა.
ვარშანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.