ეთერ თუთბერიძის ქალიშვილსა და მის პარტნიორს საქართველოს ნაკრებში გადასვლის უფლება მისცეს

გლებ სმოლკინის დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო სპორტსმენებმა 2022/23 წლის სეზონის შიდარუსული ტურნირები გამოტოვეს.
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. რუსმა მოციგურავეებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრებში გადასვლის ნებართვა მიიღეს, იუწყება РИА Новости რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ელენა ჩაიკოვსკაიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
დიანა დევისი 20 წლისაა, დაბადებულია აშშ-ში. ის ცნობილი რუსი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. გლებ სმოლკინთან დუეტში მან 2022 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მე-14 ადგილი დაიკავა. წყვილმა 2021 წლის დეკემბერში რუსეთის ჩემპიონატში ვერცხლი მოიპოვა. სპორტსმენების საქართველოს ნაკრებში შესაძლო გადასვლაზე საუბრები 2022 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობდა, მაგრამ, მედიასაშუალებების ინფორმაციით, მხარეები აქამდე ვერ თანხმდებოდნენ.

„ფიგურული სრიალის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის ბიურომ მათი გადასვლა საქართველოს ნაკრებში მოიწონა. ისინი არ გამოსულან წელიწად-ნახევარია და ჩვენთან არ უვარჯიშიათ და არც ივარჯიშებენ, ამიტომ მათზე არანაირი თანხა არ დაგვიხარჯავს. ასე რომ, მათ ვუშვებთ", – განაცხადა ჩაიკოვსკაიამ.

საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
დევისი-სმოლკინის წყვილმა 2022/23 სეზონზე სმოლკინის დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ყველა შიდარუსული ტურნირი გამოტოვა. ამერიკელმა ჟურნალისტმა დეივ ლიზმა ზაფხულში განაცხადა, რომ დუეტი აშშ-ის ნაკრებში აპირებდა გადასვლას, მაგრამ მოციგურავეებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.