თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ევაკუაცია გამოცხადდა თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და გორის რაიონულ სასამართლოებში, იუწყება ქართული მასმედია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა შეტყობინება, რომ შენობაში ბომბია. ყველა სხდომა შეჩერებულია, მოქალაქეებმა და თანამშრომლებმა შენობა დატოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ მისამართზე შევიდა შეტყობინება, რომ შენობა აფეთქდება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გორის რაიონულ სასამართლოშიც სამართალდამცველები მუშაობენ, რაც, სავარაუდოდ, ასევე ანონიმურ შეტყობინებას უკავშირდება. გადაიდო ყველა სასამართლო სხდომა, შენობაში არავის უშვებენ, იუწყება „პირველი არხი".
გარდა ამისა, ტელეკომპანია „ფორმულის" ინფორმაციით, ევაკუაცია გამოცხადდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც ასევე ანონიმური შეტყობინება შევიდა ბომბის არსებობის შესახებ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია ევაკუაციის შესახებ თელავის სასამართლოდან.
ორშაბათს, დილით ასეთი ანონიმური შეტყობინება შევიდა აგრეთვე თბილისის ორ კერძო სკოლაში.