ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის სფეროს 350-მდე წარმომადგენელი გადამზადდა

ტრენინგების მიზანია ხარისხის გაუმჯობესება მომსახურების სფეროში.
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროში დასაქმებული 350-მდე ადამიანი გადაამზადა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტრენინგის მიზანი შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის 350-მდე წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი ჩატარდა „ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“.
ტრენინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით თბილისში, რუსთავში, გორში, კასპში, თეთრიწყაროში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში, ზუგდიდში, ამბროლაურში, სტეფანწმინდასა და მესტიაში მოეწყო.
„ჩვენ მნიშვნელოვან აქცენტებს ვაკეთებთ ინკლუზიური ტურისტული პროდუქტის განვითარების მიმართულებით. აღნიშნული სასწავლო კურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურისტულად დატვირთულ ადგილებში განხორციელდა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა ჯანიაშვილმა.
გადამზადების კურსი განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების, დაცული ტერიტორიების სააგენტოების წარმომადგენლებისათვისა და გიდებისთვის გაიმართა.
ტრენინგებს ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი „პარსა“ უძღვებოდა.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ დამსწრეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატები გადაეცათ.
წყარო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია