Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. საეკლესიო კალენდარში 4 ივნისი არის მეორე მსოფლიო კრების ხსენების დღეც.
მოწამე ბასილისკო, კომანში წამებული
წმიდა მოწამე ბასილისკო (+308) წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული იყო და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს ძმებთან, ევტროპისა და კლეონიკესთან ერთად აღესრულა ქრისტესთვის.
წმიდა მოწამენი კლეონიკე და ევტროპი ჯვარზე გააკრეს მოწამე ვასილისკო კი კომანში (დასავლეთ საქართველო) გადაასახლეს., მოგვიანებით კი მმართველ აგრიპას ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს.
წმიდა ბასილისკო აღესრულა 308 წელს.
მოწამე იოანე-ვლადიმერი - სერბეთის მთავარი
წმიდა მოწამე იოანე-ვლადიმერი სერბეთის მთავარი ( 1015) ბრძნულად მართავდა თავის სამფლობელოებს, ილირიასა და დალმაციას. კეთილმსახური მეფე დაქორწინებული იყო ბულგარეთის მეფის სამოელის ასულ კოსარაზე. ბულგარეთის მეფესთან მოლაპარაკების საბაბით დაბარებული ვლადიმერი ღალატით მოკლეს ტაძრის კარებთან 1015 წლის 22 მაისს. წმიდა მთავრის კეთილმორწმუნე მეუღლე დაეყუდა ქმრის მიერ აშენებულ ტაძარში და სიკვდილამდე იქ მოღვაწეობდა.
მეორე მსოფლიო კრება
მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება 381 წელს ქალაქ კონსტანტინეპოლში, ,რომის იმპერატორის თეოდოსის ბრძანებით ჩატარდა
კრებას ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მელეტი ანტიოქიელი, ამფილოქე იკონიელი, კირილე იერუსალიმელი და სხვები.
კრება გაიხსნა წმინდა მელეტი ანტიოქიელის თავმჯდომარეობით, რომლის გარდაცვალების შემდეგ კრების თავმჯდომარეობა დაევალა გრიგოლ ღვთისმეტყველს და ბოლოს კონსტანტინეპოლელ ეპისკოპოს ნექტარიოსს.
კრებამ შეიმუშავა და დაამტკიცა 7 კანონი, განიხილა და დაგმო მაკედონიუსის ერესი და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით სულიწმინდაარის ცხოველსმყოფელი ღმერთი, რომელიც მამისაგან გამოდის და მამასთან და ძესთან ერთად იდიდება.
მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა იბერიის ეკლესიის წარმომადგენელი ეპისკოპოსი პანტოფილე.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.