თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისში 40-ზე მეტი ადგილობრივი ოსტატის მიერ შექმნილი საავტორო თოჯინების გამოფენა „ცქრიალას შთაგონებით” გაიხსნა, იუწყებიან ორგანიზატორები.
ექსპოზიცია 3 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით „ბაგრატიონი ჰოლში“ (Bagrationi Hall) ტარდება. დასწრება თავისუფალია. მისამართი - სარაჯიშვილის 12 ნომერი.
„საავტორო თოჯინები ინახება მსოფლიო მუზეუმებში, კერძო კოლექციებში, გამოფენილია გალერეებში. ხელოვნების ნიმუშების ღირებულებას - იდეა, ჩანაფიქრი, მხატვრული იდეის ხორცშესხმა და ჩანაფიქრის ტექნიკური განხორციელება განსაზღვრავს“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი და გამოვლინდება სამი გამარჯვებული შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო იდეა
საუკეთესო სამოსი
თოჯინა, როგორც არტ-ობიექტი
გამოფენაზე ქართველი მეთოჯინეების გარდა ასევე წარმოდგენილი იქნება უკრაინელი მხატვრების ნამუშევრებიც.