თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. სამცხე -ჯავახეთში ბრუცელოზით 12 ადამიანი დაავადდა, იუწყება „მთავარი არხი“.
ინფიცირებულების ნაწილი მკურნალობის კურსს სახლში, ხოლო ნაწილი კი დედაქალაქში გადის.
ინფექცია პირველად სოფელ საყუდაბელში გასული წლის შემოდგომაზე ჯერ ცხოველებში გამოვლინდა, ხოლო მოგვიანებით ადამიანებზეც გავრცელდა.
ბრუცელოზი ცხოველებს მეზობელ სოფელ ორგორაშიც დაუდგინდათ, რის გამოც ხალხი საქონელს მასობრივად ხოცავს.
ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.