თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოში ავტომობილების მფლობელების მიერ ტექნიკური ინსპექტირების წესების განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ავტომობილის მართვა, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი ან ასეთი ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემა, კვლავ 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
30 დღის განმავლობაში დარღვევების მეორედ გამოვლენის შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი 150 ლარით დაჯარიმდება, 30 დღის განმავლობაში მომდევნო დარღვევის შემთხვევაში - 300 ლარით, ხოლო კიდევ ერთი დარღვევისას - 500 ლარით.
ჯარიმის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში პირს ჯარიმის ორმაგი ოდენობის საურავის გადახდა მოუწევს. საურავის და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოერთმევა.
სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც ტექნიკური დათვალიერება არ აქვს გავლილი, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ადმინისტრაციულ დარღვევას წარმოადგენს.
2023 წლის პირველ კვარტალში 156,6 ათასი მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.
2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელია ყველა ავტომობილისთვის. სამგზავრო ტრანსპორტი და ტაქსი უნდა გადიოდეს ტექდათვალიერებას ყოველ 6 თვეში, სატვირთო ავტომობილები - წელიწადში ერთხელ.
მსუბუქი ავტომობილებისთვის, ელექტრომობილებისთვის და პიკაპებისთვის ტექდათვალიერების პერიოდულობა გამოშვების წელზეა დამოკიდებული. ავტომობილი პირველ ტექინსპექტირებას გადის გამოშვებიდან 4 წელიწადში, განმეორებითს - ყოველ 2 წელიწადში.
რვა და მეტი წლის წინ გამოშვებული ავტომობილები ტექდათვალიერებას ყოველწლიურად უნდა გადიოდნენ.