ინფლაციის დონე საქართველოში 2%-ს ჩამოცდა - სტატისტიკური მონაცემები

ბოლოს წლიური ინფლაციის ანალოგიური (1,5%) დონე 2018 წლის დეკემბერში იყო.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის მაისი 2022 წლის მაისთან შედარებით) 1,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
ბოლოს წლიური ინფლაციის ანალოგიური (1,5%) დონე 2018 წლის დეკემბერში იყო.
წელიწადზე გადაანგარიშებით მაისში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (11,1%) და ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (7,1%), ხოლო შემცირდა ტრანსპორტზე (–12,9%), ჯანდაცვაზე (–7,5%) და კავშირგაბმულობაზე (–3,4%). სურსათზე ფასები წლიური 3,3%-ით გაიზარდა.
2023 წლის მაისში, 2022 წლის მაისთან შედარებით, დეფლაციის დონემ 0,1% შეადგინა. აპრილში თვის დეფლაცია 0,7%-ს შეადგენდა.

რატომ მცირდება ინფლაციის დონე საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინფლაციის შემცირება დიდწილად იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების კლებით არის განპირობებული. ფასები საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე თანდათან იკლებს 2022 წლის შუა პერიოდიდან, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვის ღირებულება პანდემიამდელ დონეს მიუახლოვდა.
„ეს ტენდენციები, გაცვლითი კურსის გამყარებასთან ერთად, თანდათან აისახება ადგილობრივ ბაზარზე და ამცირებს იმპორტულ ინფლაციას“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
გარდა ამისა, მარეგულირებელმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ინფლაციის შემცირებაზე და აღნიშნა, რომ პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ დადებითი ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.
მათ შორის ერთ-ერთ მთავარ რისკად გეოპოლიტიკური ვითარება რჩება.