უშიშნი ვითარცა უხორცო, ანუ ამბავი თავგანწირული ქართველებისა

Sputnik
ქართველი კაცის გამბედაობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირული თანადგომის საილუსტრაციოდ უამრავი მაგალითის მოხმობა შეიძლება, მაგრამ რადგან ეს ფიზიკურად შეუძლებელია, აქ მხოლოდ ორ ისტორიულ ეპიზოდზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას.

თამარის სამეფო კარზე გაბატონებული ადგილი ეკავათ ძმებ მხარგრძელებს, მაგრამ ძალიან მალე შალვა და ივანე ახალციხელები დაწინაურდნენ — ვაჟკაცობით, ჭკუა-გონებით, სამხედრო ხელოვნების უბადლო ცოდნით გამორჩეული ძმები.
ბუნებრივია, ახალციხელთა აღზევება არ სიამოვნებდა საქართველოს მაშინდელ სარდალ ივანე მხარგრძელს, რომელსაც უკვე სიბერეში შეედგა ფეხი, აღარც ძალა მოსდევდა ძველებური და აღარც ჭკუა უჭრიდა ახალგაზრდულად.
1225 წელს გარნისთან ბრძოლაში მტერს, ტრადიციისამებრ, პირველი ახალციხელები შეებნენ. 4 ათასი მეომრით სასწაული მოახდინეს ძმებმა და დიდი არეულობაც შეიტანეს ჯალალ ად-დინის 200 ათასიან ურდოში. ამირსპასალარი და ათაბაგი ივანე მხარგრძელი ძირითადი 60 ათასიანი ლაშქრით მაღალი მთიდან დასცქეროდა ამ ხოცვა-ჟლეტას. და როცა საქმე მისჭირდათ ახალციხელებს, ნაცვლად იმისა, რომ ბრძოლაში ჩაშველებოდა მათ, უბრძოლველად დატოვა გარნისი და უკან დაიხია.
ჯალალედინის მრავალრიცხოვან არმიას აღარ გასჭირვებია 4 ათასი ქართველი მეომრის გაჟლეტა. იმ ბრძოლაში დაიღუპა ივანე ახალციხელი, ხოლო შალვა ჯერ დაატყვევეს, 1226 წელს კი სიკვდილით დასაჯეს.
გარნისის ბრძოლიდან თითქმის ორი ათეული წელი გავიდა. სპასალარი ავაგ მხარგრძელი, ვიდრე შეეძლო, ებრძოდა საქართველოში გაბატონებულ მონღოლებს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, მორჩილების გამოსაცხადებლად ყაენთან სარაი-ბათუში გამგზავრებულიყო. მას თან ახლდა დავით ეჯიბიც.
ავაგს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ „ოქროს ურდოში“ რეალური საფრთხე ელოდა. მაშინ დავით ეჯიბმა შესთავაზა მას, ყაენის წინაშე შენი სახელით მე წარვდგები, თუ შენი მოკვდინება აქვს გადაწყვეტილი, მე შევრჩები ხელთ, ხოლო შენ, როგორც ჩემს მსახურს, არას გავნებს და ცოცხალს დაგტოვებსო. ჯერ იყოყმანა ავაგმა, ბოლოს კი დათანხმდა ეჯიბის შეთავაზებას.
მაგრამ ყაენმა კარგი თვალით შეხედა ქართველებს და ურჩობა აპატია, ცოცხლები დატოვა ისინი. თუმცა ამით არაფერი დაკლებია დავით ეჯიბის ვაჟკაცობასა და ზნეობრივ სიმაღლეს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავაგ მხარგრძელი იყო ძე ივანე ათაბაგისა, ხოლო დავით ეჯიბი კი მემკვიდრე ივანე ათაბაგის მიერ მუხანათურად გაწირული შალვა ახალციხელისა.
* * *
1821 წელს დაწყებული ბერძენთა აჯანყების საპასუხოდ თურქებმა სისხლის მდინარეები დააყენეს ელინთა ქვეყანაში. დაუნდობლად გაჟლიტეს ბავშვიცა და ქალიც, ახალგაზრდაცა და მოხუციც. ხონთქრის არმია ღმად შეიჭრა საბერძნეთის სიღრმეში და ერთი წლის თავზე გატეხა კიდეც აჯანყებულთა წინააღმდეგობა.
აბდულ რობუტ-ფაშა მრავალრიცხოვანი ლაშქრით მიადგა ათონის მთას და მის სიახლოვეს დაბანაკდა. მერე ბრძანა, ყველა მონასტრის წინამძღვარი მეახლოსო. მაშინ იყო, რომ დიონისეს მონასტრის წინამძღვრის ნაცვლად ურჯულო ფაშის წინაშე მამა ილარიონ ყანჩაველი წარდგა სხვა ორ ბერთან ერთად.
ბერძენ წინამძღვარს შეშინებოდა სავარაუდო სიკვდილისა და მამა ილარიონი აახლა მტერს. მიხვდა ხონთქრის წარმომადგენელი, რატომაც დაემალა წინამძღვარი და ვაჟკაცობა შეუქო მამა ილარიონს. მერე კი, როცა შეიტყო, რომ ილარიონი ქართველი იყო, მოულოდნელად ქართულად ჰკითხა, საიდანა ხარ? იმერეთიდანო, უპასუხა ბერმა.
— მე კი აფხაზეთიდან, — გაენდო ფაშა.
და განაგრძეს მშობლიურ ენაზე საუბარი ორთა, თუმცა საერთო ვერ გამოძებნეს. ფაშა კმაყოფილი იყო იმით, რომ ყმაწვილობაში აფხაზეთიდან გაიტაცეს და დიდი კაცი გახდა უცხოობაში, მამა ილარიონი კი კიცხავდა ქრისტეს სჯულის დატევებისა და გამაჰმადიანებისთვის.
ბოლოს ფაშამ მამა ილარიონს უთხრა, ჩამოშორდი ათონელ ბერებს და წყალობას არ მოგაკლებო. საკუთარ სასახლესაც კი სთავაზობდა თესალონიკში. მაგრამ მტკიცე უარზე იდგა მამა ილარიონი. უფრო მეტიც, იქით სთავაზობდა თანამემამულეს, ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაბრუნებოდა და ბერად აღკვეცილიყო.
აბდულ რობუტ-ფაშა და მამა ილარიონ ყანჩაველი რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ქართულად ბაასობდნენ. ერთხელაც, მუსლიმთა დღესასწაულის, რამაზანის დროს, როცა ფაშას უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ჰყავდა მიწვეული სადარბაზოდ და მშვენიერ გუნებაზეც ბრძანდებოდა, ყველას თანდასწრებით გაუბა ლაპარაკი ბერს.
იმ საუბრისას მამა ილარიონმა მუჰამედ წინასწარმეტყველს მატყუარა უწოდა და თქვა, როგორც ის მოხვდა ჯოჯოხეთში, ისე ყველა მისი მიმდევარი შთაინთქმება გეენაშიო.
— მაშ, შენი აზრით, ვინ ცხონდება და სამოთხეში ვინ მოხვდება? — ჰკითხა სიცილით ფაშამ.
— მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნე ქრისტესი. მათ გარდა ყველანი — ებრაელები, სომხები, კათოლიკეები და პროტესტანტები სატანჯველით დაისჯებიან, — უპასუხა ათონელმა ბერმა.
და დარბაზში მყოფმა სტუმრებმა, სწორედ ებრაელებმა, სომხებმა, კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა, ერთხმად მოითხოვეს მამა ილარიონის სიკვდილით დასჯა.
არ ეთმობოდა აბდულ-რობუტ ფაშას ბერი სასიკვდილოდ, მაგრამ თავადაც რომ არ შეერაცხათ მუჰამედის კანონთა უარმყოფლად, მამა ილარიონისათვის თავის მოკვეთა ბრძანა.
ვიდრე ჯალათები ბრძანებას აღასრულებდნენ, ტომით აბაზგი ორი უახლოესი ქვეშევრდომი ეახლა ფაშას: ერთი ხაზინადარი, მეორე — განსაკუთრებულ საქმეთა მოხელე. როცა შეიტყვეს, რა განაჩენი გამოეტანა მბრძანებელს ქართველი ბერისთვის, ორივე შეძრწუნდა: რას ამბობ, ფაშა, ეს არ მოხდება! თუ ამას ჩავიდენთ, როგორღა გამოგვეყოფა თავი სოფელ-ქვეყანაში?! რას იტყვის ხალხი, ამ უცხო მხარეში ერთი თანამემამულე გამოუჩნდათ და ისიც სიკვდილით დასაჯეს. ამ სირცხვილს ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ვერ ჩამოვირეცხავთო.
ფაშამაც მათ გადაულოცა ილარიონის ბედი. სულზე მიუსწრეს აბაზგებმა ბერს, რომელსაც შიშველი თავი მორჩილად დაეხარა და უშიშრად შეეშვირა ჯალათისთვის, ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის სიკვდილი ნეტარებააო ჩემთვის.
პირდაპირ ხელიდან გამოგლიჯეს ჯალათს სასიკვდილოდ გამზადებული მამა ილარიონი აბაზგმა მოხელეებმა. მერე ქალაქიდან გაიყვანეს და უთხრეს, წადი შენს ათონის მთაზე და აქ აღარ გნახოთო.
წავიდა მამა ილარიონიც და კიდევ დიდხანს იღვაწა ათონის მონასტერში...