თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. კრემლმა ცნობად მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ერევნის პოზიციის შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე ფაშინიანმა CNN Prima News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერევანი არ არის მოსკოვის მოკავშირე კიევთან დაპირისპირებაში. მისი თქმით, კონფლიქტი სომხური მხარის შეშფოთებას იწვევს, რადგან ის პირდაპირ აისახება ქვეყნის ყველა ურთიერთობაზე.
„ჩვენ ცნობად მივიღეთ ეს მნიშვნელოვანი განცხადება. ვიცით, რომ უკრაინის კონფლიქტისადმი სომხეთის მიდგომებში გარკვეული ნიუანსები არსებობს. ჩვენ ვიცით ეს ნიუანსები და ვითვალისწინებთ მათ“, — განაცხადა პესკოვმა.
ამასთან კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი კვლავაც განაგრძობს ერევანთან მოკავშირული ურთიერთობების განვითარებას.
მაისის შუა რიცხვებში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ერევანს არ სურს ზიანი მიაყენოს მოსკოვს, მაგრამ თავს ვერც დასავლური სანქციების ქვეშ მოქცევის უფლებას მისცემს. უფრო ადრე, მარტის დასაწყისში სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ერევანი არ ეხმარება მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.