ჩიქოვანი: დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიისგან დასკვნას ჯერ ისევ ველოდებით

დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
Sputnik
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან დასკვნას ელოდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ უკრაინული კანონის ანალოგი შექმნეს, რადგან მან ევროკავშირის დადებითი შეფასება მიიღო. თუმცა ვენეციის კომისია უკმაყოფილო დარჩა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ვერსიით.

„ჯერჯერობით არც ვენეციის კომისიისგან ყოფილა დასკვნები, რომ ამ კანონმა უკრაინაში არ იმუშავა, ვერ იმუშავა, ან ცუდი ეფექტი ჰქონდა და შედეგი ვერ დადო. ამდენად, ჩვენ მივყვებით იმ რეალობას, რა რეალობაც გვაქვს. შემდგომ თუ დავინახავთ, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი კონკრეტული კანონის მოთხოვნა არ არსებობს, ეს კანონიც აღარ იქნება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.
„საკითხები, რაც დარჩენილია, დამოკიდებულია ვენეციის კომისიის დასკვნაზე, ასევე პარლამენტში გასამართ რამდენიმე მოსმენაზე. ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე და ყველა დაინახავს, რომ ჩვენ ვიქნებით სრულ მზადყოფნაში“, — აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ვენეციის კომისიამ — ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანომ უკვე განიხილა საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი და საკუთარ შენიშვნებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე მიუთითა.
საქართველოს პარლამენტმა გადაამუშავა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ და ცვლილებები შეიტანა ადამიანის ოლიგარქად აღიარების პროცესში.
გადამუშავებული ვერსიის თანახმად, ოლიგარქი შეძლებს პარტიების, წინასაარჩევნო კამპანიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსებას. ოლიგარქებისთვის ერთადერთი აკრძალვა იქნება პრივატიზაციის მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა.
გადამუშავებული ვერსიით, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს არა პარლამენტი, როგორც ეს პროექტის პირველ ვერსიაში იყო, და არც მთავრობა – პროექტის მეორე მოსმენით მიღებული ვერსიით, არამედ ანტიკორუფციული ბიურო. ასევე ბიურომ უნდა ჩაატაროს სრული კვლევა, არის თუ არა ადამიანი ოლიგარქი.
ოლიგარქად აღიარების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოს მეშვეობით, ამასთან ორი ინსტანციის სასამართლოში.
გარდა ამისა, იცვლება ოლიგარქის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების პრინციპი. თუ უკვე მიღებული ვერსიით უნდა გამოქვეყნებულიყო ასეთი პირების ყველა პირადი მონაცემი, გადამუშავებული ვერსიით საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ოლიგარქის ვინაობა, მისი დეკლარაცია და იქნება მითითება, რომ ის არ არის დამნაშავე ოლიგარქების რეესტრში მოხვედრის გამო.